ჯაღმაიძის თქმით, ხელისუფლებიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება მიიღეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა.
„ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ, აი, ამ მიმართულებით – ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს.
რაც შეეხება ფორმულირებას, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული და საკითხი ასე მკაცრად არ დგას“, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებენ და მეოთხე ვადით დარჩებიან ხელისუფლებაში. მათ თქმით, არსებობს ოთხი მიზეზი, რის გამოც მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურთ:
· „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება;
· ლგბტ პირთა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონი
· ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
· მეოთხე მიზეზის შესახებ ამბროლაურში ისაუბრა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 25 აგვისტოს: „არის კიდევ ერთი, ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ“.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.