,,საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

,,საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა -ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით“ – სახელმწიფო დეპარტამენტი
სუს-ის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიში ხაზგასმულია, რომ საქართველომ კონტრტერორიზმის საკითხებში ურყევი ჩართულობა გააგრძელა და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად დარჩა უსაფრთხოების მიმართულებით.
აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია მშვიდი, სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია იყო მშვიდი და სტაბილური და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2022 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების, მნიშვნელოვანი წვლილი: „საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ დაიწყო მისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, მას შემდეგ, რაც დასრულდა 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა. ქვეყანამ შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა.
„ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების კრიმინალიზაციას, მათ შორის, ისეთი ქმედებების, როგორებიცაა: ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნა, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირება, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების გადაადგილება.
ანგარიშში ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებები, მათ შორის, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრებისა და სირიასა და ერაყში ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ამავე ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი მეთაურის, ცეზარ ტოხოსაშვილის ძმის, ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება. ამასთან, საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იმ ხუთი პირის მსჯავრდებულად ცნობის შესახებ, რომლებიც სამსახურმა 2021 წლის აგვისტოში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისა და სირიაში ტერორისტულ ბანაკში გამგზავრების დაგეგმვისთვის დააკავა.
ipn.ge