„გვსურს, საქართველოში ფერად რევოლუციას ხელი შევუშალოთ“ – რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ მოსკოვს სურს, ხელი შეუშალოს საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ განხორციელებას.
სწორედ მისმა უწყებამ, რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ ასეთ რევოლუციას, რომელსაც ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორება უნდა მოჰყოლოდა, საქართველოში ამზადებდა.
„ის ფაქტი, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ არა მარტო დასავლური სპეცსამსახურების მტრულ საქმიანობაზე, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის [საქმიანობაზე] – ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შეივტანთ საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობების პრევენციაში“, – ციტირებს ნარიშკინს სამთავრობო მედია „ტასს“.
საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წლებია საუბრობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია, თუმცა ამ საქმეებს ბოლოს ივიწყებენ ხოლმე და არც არავის აკავებენ.
უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული ჰქონდათ საბურავების მომარაგება.
სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.
გარდა ამისა, 2023 წლის ოქტომბერში სუს-მა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგები ტარდებოდა.