მეორე დღეა რუსეთი უკრაინის ქალაქებს მასირებულად ბომბავს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა რუსეთი იყენებს რაკეტებს.
ქალაქ კრივოი როგში ორი ადამიანი დაიღუპა სასტუმროში, შენობაზე რაკეტის მოხვედრის შედეგად, ინფორმაციას ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევგენი სიტნიჩენკო ავრცელებს.
მისი სიტყვებით, სასტუმროს ნგრევის გარდა აფეთქების შედეგად დაზიანდა გარშემო სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტები და ავტომობილები.
ერთი ადამიანის დაღუპვისა და ორი დაშავებულის შესახებ იტყობინება ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ივან ფედოროვის მიხედვით რუსეთმა ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქზე გამთენიისას შვიდი დრონით მიიტანა იერიში.
27 აგვისტოს გამთენიისას რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის გამოიყენება ათეულობით დრონი „შაჰედი“, კრივოი როგში ბალისტიკური რაკეტა და აერობალისტიკური „კინჟალი“.
უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან სხვადასხვა რეგიონში რუსული დრონების გამოჩენის შესახებ საუბარია ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერკასკის, სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებზე.
ორშაბათს, 26 აგვისტოს უკრაინამ განიცადა ყველაზე დიდი შეტევა ომის დაწყების შემდეგ.
ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 127 რაკეტა და 109 დრონი გამოუყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება.
ორშაბათს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი და 47 დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მასირებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის სამხედრო უწყების თანახმადვე „ყველა სამიზნეს მოხვდა“ . .