მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები დასახელდა – 2023 წლის რეიტინგს ორი ახალი ლიდერი ჰყავს

ციურიხი (შვეიცარია) და სინგაპური 2023 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებად აღიარეს.
იმავდროულად, შარშანდელი ლიდერი ნიუ-იორკი () ჩამოქვეითდა მესამე ადგილზე, რომელსაც შვეიცარიის კიდევ ერთ ქალაქთან, ჟენევასთან ერთად ინაწილებს, ამის შესახებ CNN-ი Worldwide Cost of Living Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ციურიხმა გასულ წელს მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო სინგაპურმა – მეორე. ჟენევა ერთი წლის წინ მეშვიდე ადგილზე იყო.
ექსპერტები შვეიცარიის ქალაქების რეიტინგში ამ შესამჩნევ ნახტომს ხსნიან შვეიცარიული ფრანკის გამყარებით, ასევე საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთების და დასვენების მაღალი ფასებით. სინგაპურში კი ტრანსპორტისა და ტანსაცმლის ღირებულება იყო მაღალი.
დამასკო (სირია) რჩება ყველაზე იაფ ქალაქად მსოფლიოში, რომელიც 173-ე ადგილს იკავებს. რეიტინგის ბოლოში ასევე არიან თეირანი (ირანი) და ტრიპოლი (ლიბია), რომლებიც შესაბამისად 172-ე და 171-ე ადგილებზე.
კვლევის მიხედვით, წელს მსოფლიოში ცხოვრების საშუალო ღირებულება 7.4%-ით გაიზარდა. ყველაზე სწრაფად საკვების ფასებმა მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოდნავ დაბალია, ვიდრე 2022 წელს დაფიქსირებული 8.1%-იანი ნახტომი, ეს რიცხვები ბევრად აღემატება „ისტორიულ ტენდენციებს“. ამასთან, კომუნალური მომსახურების ფასებმა, რომელიც 2022 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია აღმოჩნდა, ამჯერად ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების ზრდამ წელს შენელება დაიწყო, რადგან მიწოდების ჯაჭვები აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა 2022 წლის ბოლოს Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმა. ამავდროულად, საკვები პროდუქტების ფასები აგრძელებს ზრდას, რადგან რითეილერებს გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე გადააქვთ.
ამავდროულად, ფასებზე გავლენას ახდენს ახალი შეიარაღებული კონფლიქტები და ექსტრემალური ამინდის პირობები.
„ისრაელსა და ჰამასს შორის ომის შემდგომი ესკალაცია გამოიწვევს ენერგიის უფრო მაღალ ფასებს, ხოლო „ელ ნინიოს“ მოსალოდნელზე ძლიერი გავლენა საკვების კიდევ უფრო მაღალი ფასების მიზეზი გახდება“, – განმარტა ეკონომისტმა უპასანა დუტმა.
10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი მსოფლიოში 2023 წელს
· ციურიხი (შვეიცარია) და სინგაპური.
· ნიუ-იორკი (აშშ) და ჟენევა (შვეიცარია).
· ჰონკონგი.
· ლოს-ანჯელესი, (აშშ).
· პარიზი, (საფრანგეთი).
· თელ-ავივი () და კოპენჰაგენი ().
· სან-ფრანცისკო (აშშ).