დღეს, 22 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.
ცნობები, რომ მარინოვკის რაიონში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გამთენიისას აფეთქებები იყო, თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.
დილით, რუსეთის სახელმწიფო მედიით გამოქვეყნდა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მარინოვკის რაიონში „მოიგერიეს“ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა და მათი „დიდი ნაწილი განადგურებულია“. ამასთან, ბოჩაროვის თანახმად, დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია „თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე“. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის.
თავის ობიექტზე არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 13 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა ვოლგოგრადის აეროპორტმა.
ქალაქ ვოლგოგრადიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ მარინოვკაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე, რუსული წყაროების თანახმად, სუ-24 ტიპის მზვერავი თვითმფრინავებია დისლოცირებული.
უკრაინას მარინოვკის აეროდრომზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
