მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს – ასე ეხმაურება „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ არსებულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
ცნობისათვის, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, ხოლო მგზავრების გადასაყვანად ამიერიდან შესაბამისი ნებართვა იქნება საჭირო.
ნესტორ მიქატაძის თქმით, ის მიესალმება ავტოსადგურთა სერტიფიცირების საკითხს, საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა კი უნდა ექვემდებარებოდეს სანებართვო საქმიანობას.
„ჩვენ მივესალმებით სერტიფიცირებას, მოსახვევებსა და კუთხეებში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს. ავტოსადგურების ფუნქციონირების შესახებ წესი არსებობს და მას განმარტავს ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული ავტოსადგურების მოწყობის და ფუნქციონირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი დღესაც მოქმედებაშია, არავინ არ იცავს მას და ყველა კუთხიდან ახორციელებენ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.
აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მისასალმებელია. ამიერიდან, მარტივად რომ ვთქვათ, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს.
ავტოსადგურების მიერ მგზავრების გადაყვანის შესახებ შენიშვნები და წინადადებები ჩვენ ყველგან შევიტანეთ, სადაც საჭირო იყო. დღეს რაც მიღებულია, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა დაექვემდებაროს სანებართვო საქმიანობას და მისი განხორციელების უფლება ჰქონდეთ ავტოსადგურებს, ეს ჩვენი მოთხოვნებისა და შენიშვნების დამსახურებაა“, – განაცხადა ნესტორ მიქატაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
ამის გარდა, „დიდუბის ავტოსადგურის“ მფლობელის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი მთავრობას ავალებს, რომ მოაწესრიგოს და შექმნას ტექნიკური სამსახურები ამ კანონის განსახორციელებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ მისაღები იქნება ტექნიკური რეგლამენტი მგზავრის გადაყვანის შესახებ, რაშიც ავტოსადგურის წარმომადგენლები მონაწილეობის მისარებად მზად არიან.
bpn.ge