სანდრო რაქვიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პირობა თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო ბლეფი და ტყუილია – თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურდა, მას ამის შესაძლებლობა 12 წლის განმავლობაში ჰქონდა

„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პირობა თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო ბლეფი და ტყუილია – თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურდა, მას ამის შესაძლებლობა მთელი 12 წლის განმავლობაში ჰქონდა, – ამის შესახებ მედიას „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.
როგორც რაქვიაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საჭიროება იმისა, ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოუწოდოს, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის მომავალ პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ვერ აიღებს. რაქვიაშვილის თქმით, მმართველი პარტია ამომრჩევლის მობილიზებას ხელოვნურად შემოგდებული თემებით ცდილობს.
„არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას ვერ აიღებს. „ქართული ოცნებისთვის“ ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ამით ხელისუფლება მთლიანად ჩამოენგრევა. ამიტომ ე.წ. საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება მოიგონეს და ამბობენ, რომ ამომრჩეველთა მობილიზაციას იმიტომ კი არ აცხადებენ, რომ 45%-საც ვერ აიღებენ, არამედ საჭიროა კონსტიტუციის ცვლილება. სწორედ ამიტომ მოიგონეს თემები – იქნება ეს ლგბტ საკითხები თუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა.
გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბლეფია – „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მობილიზებას ხელოვნურად შემოგდებული თემებით ცდილობს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ ს შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, სამართლებრივი პროცესი დაიწყება, რომლის შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

ასევე დაგაინტერესებთ