“შევუერთდი მარტოხელა ქალების კლუბს” – ნინა სუბლატის ოჯახი, წარმატებული კარიერა და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები – Marao

ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო სიმღერით „Warrior“ წარადგინა, სადაც ორი ნახევარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ნინა სუბლატი დაიბადა მოსკოვში, თუმცა მისი ოჯახი სამშობლოში მალევე დაბრუნდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ და ნინა დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.
2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან – ვოკალის კურსზე. 2014 წელს სწავლა განაგრძო მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
პროექტის დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.
ამჯერად კი ნინა წერს, რომ სექტემბერში მისი ახალი ალბომი გამოვა: “კთხვების ნახევარი ამ თემაზეა. გპირდებით, რომ 2024 წლის სექტემბერში ახალი ალბომი გამოვა, ყველაფერი მზადაა, უბრალოდ ზაფხული ამისთვის კარგი დრო არ არის”, – წერს ნინა.
ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო. მათ ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ ნინამ დედობის გამოცდილებასა და სირთულეებზე ისაუბრა: “პოსტსამშობიარო დეპრესია მქონდა. ამაზე ძალიან იშვიათად საუბრობენ. ვინც შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ინფორმაცია (რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია), რომ პოსტსამშობიარო დეპრესია სინამდვილეში ბუნებრივი რამ არის.
ჩემს შემთხვევაში ეს ეტაპი, დაახლოებით, ორ წლამდე გაგრძელდა, ყველაზე მძიმედ მახსოვს ნეგატიური ხმა, რომელიც არასდროს ჩერდებოდა, ამ ნეგატიურ ხმას მოჰყვება შემდგომ დისბალანსი ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებ. პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ როცა მძიმედ ხარ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ელოდები, რომ ვიღაც ან რაღაც გადაგარჩენს. შეიძლება ეს მოლოდინი წლები გაგრძელდეს, თუმცა ბოლოს ხვდები, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ გიშველის“, – თქვა ნინა სუბლატმა.
წლის დასაწყისში ნინამ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სიახლე გაუზიარა და დაწერა, რომ მეუღლეს, გიორგი შამანაურს დაშორდა. “შევუერთდი მარტოხელა ქალების კლუბს”, – წერდა ის.