ქუთაისის საკრებულოში ხელფასებზე და პრემიებზე 1.5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა – TI ანგარიში

2023 წელს ქუთაისის საკრებულოში შრომის ანაზღაურებაზე 1,521,640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49,024 ლარი მიიღეს; ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშში, რომელიც საკრებულოს 2023 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს.
TI-ის განცხადებით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ძირითადი მიგნებები:
– ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას; – ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წინა წლებისგან განსხვავებით, საჯარო ინფორმაცია არასრულად ან/და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით მოგვაწოდა. ამიტომ წარმოდგენილ კვლევაში რიგი მონაცემები სრულფასოვნად არ აისახა. – ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია; – ოდნავ გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე. საანგარიშო პერიოდში სულ 24 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 6 იყო რიგგარეშე; – საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 31 დადგენილება მიიღო. მათგან 25-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 6 დადგენილებისა კი – საკრებულოს თავმჯდომარე. – ქუთაისის საკრებულოს 19 თანამდებობის პირიდან დეკლარაციები დარღვევით 5-მა თანამდებობის პირმა შეავსო . – 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას ოქტომბრის თვეში წარუდგინა, ხოლო საკრებულოს – ნოემბერში. – ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭომ საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ საკრებულოს და მერიას რეკომენდაციები წარუდგინა. – საანგარიშო პერიოდში შრომის ანაზღაურებაზე 1,521,640 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 49,024 ლარი მიიღეს; – 2023 წელს ქუთაისის საკრებულომ 82,494 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 218,191 ლარი შეადგინა; – 2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 26,943 ლარს მიაღწია. – Საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოში არცერთი პეტიცია არ ყოფილა წარდგენილი.