ბექა ოდიშარია – ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, არის უხილავი ხელით მართული პროცესი
დღეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის უხილავი ხელით მართული პროცესი – ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს ააწყოს ფაზლი და შექმნას ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნოდ დაიშლება იმის მიხედვით, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ცალ-ცალკე მათთვის გასვლა.
„დღეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის უხილავი ხელით მართული პროცესი. ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს ააწყოს ფაზლი და შექმნას ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, დაიშლება წინასაარჩევნოდ იმის მიხედვით თუ რამდენად მომგებიანი იქნება ცალ-ცალკე მათთვის გასვლა, რომ საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. ზოგი “ახლებს” დაირქმევენ, ზოგი “ძველებს”, ზოგი “კონსერვატორებს”, ზოგი “პროგრესულ ძალებს”, “ფედერალისტებს”, “ევროპულ საქართველოს” თუ ა.შ. აქ შედეგს არავითარი გადაადგილება არ მოიტანს. ჯამი კვლავ ერთი იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ამ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, ჯამი იგივე იქნება. აპირებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, გაერთიანდებიან საქართველოს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. შეეცდებიან, გაატარონ თავიანთი მავნე არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ დივერსიული დღის წესრიგი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამავე თემაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ამავე მიზეზით შეიქმნა თავდაპირველად პარტია „ლელო“, რომელიც აუთვისებელი ხმების საკუთარი პარტიისკენ მიზიდვას შეეცდებოდა.
„შესაბამისად, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ამისთვისვე შეიქმნა „ლელო“, რომელიც ვითომდა უმანკო ორგანიზაციაა და შეეცდებოდა აუთვისებელი ხმების საკუთარი პარტიის მიზიდვას. პარტიას, რა თქმა უნდა, ზედმეტია, რომ ვეძახი. ის იყო ჩვეულებრივი ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მავნებლობდა და ვფიქრობ, ახლა მას ყველანაირი საფუძველი გამოეცალა იმისთვის, რომ მან პოლიტიკურ პარტიად იპოზიციონიროს. ისევე, როგორც გახარია.
გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და ქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის წაერთმია ის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ხმები, რომელიც “ქართული ოცნების” კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვებას განაპირობებდა. ეს ასეც იქნებოდა, რომ არა გახარიას ყალბი ნარატივი, რომ ის თითქოს სათადარიგო “ქართული ოცნება” იყო, ბიძინა ივანიშვილის რაღაც რჩეული, რომელიც ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით გამოვიდოდა ასპარეზზე. თუმცა ამას ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა ძალიან მსუყე წერტილი, როდესაც მას საკუთარი ქვეყნისა და გუნდის მოღალატე უწოდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.