სტუდენტები გალიდან ბინების ფასების გაძვირების პირობებში

ავტორი: მარიამ ბერიძე
სტუდენტებს გალის რაიონიდან ყოველდღიურ ცხოვრებას რამდენიმე ფაქტორი ურთულებს – ერთ-ერთი საჭირო დოკუმენტის არქონა ან უკვე არსებულის მუდმივად ვადის შემოწმება და შემცვლელის აღებაზე ფიქრია, რომ მშობლების, ახლობლებისა და ნათესავების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის, თბილისში საცხოვრებლის პოვნა, ქირაობა ან გირაობა, – განსაკუთრებით, ბოლო წლებში, როდესაც უძრავი ქონების ფასები გაიზარდა.
19 წლის ანასტასია [სახელი შეცვლილია] ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისმესამე კურსის სტუდენტია. ის გვიყვება, რომ სამი წლის წინ, როდესაც გალის რაიონიდან თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად, დაახლოებით ერთი წელი ნათესავთან ცხოვრობდა. ანასტასიას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, “საცხოვრებლის პრობლემა მოხსნილი იყო”, თუმცა როდესაც გადასვლის დრო დადგა, ახლის მოძიება გაუჭირდა.
“ახალი ბინის მოძებნა ძალიან გამიჭირდა ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როცა ქვეყანაში ამდენი ომს გამოქცეული ადამიანი შემოვიდა, ფასები გაორმაგდა. აქამდე უბნების მიხედვით იყო ბინის ფასები, ახლა კი ყველგან, თითქმის, ერთი ფასია. მთელი თვე მომიწია ძებნა. მჭირდებოდა ბინა, რომელიც სამსახურთან და სასწავლებელთან ახლოს იქნებოდა და დღეს მონგრეულ, კარებზე სახელურების არმქონე ბინაში ვიხდი 900 ლარს.
მთელ დღეს გარეთ ვატარებდი ხოლმე – ხან ერთი აგენტი მაჩვენებდა ბინას, ხან მეორე, ხანაც მესამე სხვადასხვა ლოკაციებზე. პრობლემა იყო ფასთან შეუსაბამო გარემო, ადგილი, ბინაში არსებული სიტუაცია და შეზღუდვები, რაც ბინის მეპატრონის მხრიდან წესდებოდა,” – ამბობს სტუდენტი.
მისი თქმით, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ როდესაც აგენტი ეხმარებოდა ბინის პოვნაში, ორი თვის გადასახადის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ.
ანასტასია პრობლემის გადაჭრას სახელმწიფოს კეთილ ნებაში ხედავს.
“პრობლემის მოგვარებას რაც შეეხება, ეს სახელმწიფოს საქმეა, რა თქმა უნდა, მშობლების წილი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მაშინ, როდესაც ამდენი სასწავლებლიდან უმრავლესობა დედაქალაქშია, სტუდენტური საცხოვრებლები მაინც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, ან მინიმუმ თანადაფინანსება ბინის ქირაობის შემთხვევაში”.
ანასტასია ფიქრობს, რომ ბინებზე ფასების ზრდის პარალელურად, წლევანდელ სტუდენტებს ამ პრობლემის გამწვავება კიდევ უფრო ემუქრებათ.
“თუმცა, თითქოს, პირიქით უნდა ყოფილიყო, ქვეყანა ძალიან ბევრმა უცხოელმა დატოვა, მაგრამ ფასები ზევით მიიწევს. თვიური შემოსავლები ისევ ერთ ადგილზეა გაყინული. რაც იწვევს შემდგომ ამდენი ადამიანის უცხოეთში წასვლას,”- ამბობს სტუდენტი გალის რაიონიდან.
20 წლის დიანა [სახელი შეცვლილია] გალიდან თბილისში სასწავლებლად სამი წლის წინ ჩამოვიდა. მისი თქმით, თავდაპირველად ბინის პოვნა არ გასჭირვებია – საცხოვრებელი მოწესრიგებული იყო და რაც მთავარია, ადეკვატურ ფასად.
“რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ქირის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ბინიდან გადასვლაც მომიწია ერთ წელიწადში და ალბათ თვეზე მეტი ვეძებდი ბინას ნორმალური ფასით და შესაბამისი პირობებით. ბევრი პრობლემა იყო – ზოგს ლიფტი არ ჰქონდა, ზოგი ზედმეტად ძვირი იყო. საბოლოოდ მაინც ვიპოვე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კარგი ბინაა, მაგრამ არსებულ ბაზარზე, ნორმალურია”, – ამბობს დიანა.
დიანას თქმით, ბინის ძებნა ონლაინ ვებ-გვერდებზე დაიწყო. მთავარ სირთულეებად ასახელებს, რომ ზოგი მეპატრონე საცხოვრებლებს არ აქირავებდა სტუდენტებზე, ხოლო ზოგს არაადეკვატურად ძვირად ჰქონდა შეფასებული.
“ბევრი სახლი იყო ისეთი, ფოტოზე რომ კარგი ჩანდა, რეალურად სულ სხვა პირობები იყო. ზოგში არ იყო ცხელი წყალი, ზოგგან – სარეცხი მანქანა. თბილისში ბევრი ისეთ ბინებს ან სახლებს აქირავებს, რომლებიც ავარიული და საცხოვრებლად საშიშია,”.
მთავარ მიზეზად, თუ რატომ ექმნებათ გალელ სტუდენტებს შესაბამისი საცხოვრებელი ფართის პოვნის პრობლემა, სტუდენტი ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.
“არ არის მარტივი ქირაში, თუნდაც, მინიმუმ 600-800 ლარის გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ თვიდან თვემდე სახარჯო ფულიც საჭიროა. დიდი ალბათობით, ბევრი სტუდენტს წელსაც გაუჭირდება ბინის პოვნა. გამოსავალი ალბათ მაინც სტუდენტური საცხოვრებლებია. უფრო ახლო მომავალზე თუ ვიფიქრებთ, სახელმწიფომ უნდა შეუწყოთბილისში ბევრი ისეთ ბინებს ან სახლებს აქირავებს, რომლებიც საცხოვრებლად საშიშია,ს ხელი”, – ამბობს დიანა.
22 წლის ელენემ [სახელი შეცვლილია] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შარშან დაამთავრა. თბილისში დაახლოებით ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა, რადგან წინა ორი წელი კოვიდ პანდემიის გამო, სახლში იყო და იქიდან ონლაინ ესწრებოდა ლექციებს.
კოვიდ პანდემიამდე ელენეს საცხოვრებლის მოძიება არ გასჭირვებია.
“მაშინ ომიც არ იყო დაწყებული და იმდენად რთული არ იყო საცხოვრებლის პოვნა მისაღებ ფასად. მაშინ ტერიტორია და ფასი მაინც და მაინც არ მაკმაყოფილებდა, თუმცა დღევანდელ რეალობასთან შედარებით, მაინც ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგი პირობები იყო,” – იხსენებს ელენე.
თავიდან ბინის ძიება ნათესავების დახმარებით დაიწყო, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ძიების პროცესში, კითხვებით მიმართავდა ნაცნობებს, ათვალიერებდა ფეისბუკ ჯგუფებს.
“ასე ვარჩევდი ბინას, ტერიტორიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფასს, რადგან არ ვმუშაობდი, ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს ფეისბუკზე ვნახე განცხადება, ფასი ოპტიმალური ჩანდა. ბოლოს, კოვიდის პერიოდში, როდესაც უკვე ბინის ქირას ვერ ვიხდიდი და არც იყო გადასახდელი, ვინაიდან თბილისში არ ვცხოვრობდი, გადავწყვიტე დამეტოვებინა და მომეძებნა უფრო ოპტიმალური ვარიანტი, სადაც არ მომიწევდა იმდენი თანხის ტყუილად გადაყრა,” – ამბობს ის.
ლისის საერთო საცხოვრებლის შესახებ ელენეს მეგობარმა უთხრა. საცხოვრებლის ღირებულება თვეში 150 ლარია, არ უწევდა კომუნალურებისა და ინტერნეტის ხარჯების გადახდა.
“მსგავსი საცხოვრებელი არის ბაგებშიც, თუმცა იქ მაინც და მაინც კარგი პირობები არ არის. ლისზე თითო ოთახში ცხოვრობს ორი სტუდენტი, ყველა სართულს აქვს საკუთარი საერთო სამზარეულო, სველი წერტილი არის ყველა ოთახში, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იქ ზოგჯერ გათბობა არ იყო, ზოგჯერ წყალი წყდებოდა. ამას დამატებული ისიც, თუ როგორ შეეგუები შენს მეოთახეს. ცენტრიდან ძალიან შორს არის და თითქმის საათნახევარი მჭირდებოდა, რომ იქიდან ჩამოვსულიყავი. თუმცა, საერთო ჯამში, იქაურობა ჩემთვის ნორმალური იყო,” – იხსენებს ელენე.
ელენეს თქმით, ლისის საერთო საცხოვრებელი უმეტესწილად გათვლილია სოციალურად დაუცველებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ამიტომ ამ მხრივ, გალელ სტუდენტებს რაღაც კუთხით, პრივილეგია ენიჭებათ.
“თუმცა ამ საერთო საცხოვრებელს სულ რაღაც 300 სტუდენტის დატოვება შეუძლია, რაც ძალიან ცოტაა და ძალიან ბევრი სტუდენტი რჩება საცხოვრებლის გარეშე. შემდეგ მათ უწევთ ნათესავებთან ან მეგობრებთან ცხოვრება, თუმცა მაინც ყველას ურჩევნია, რომ მარტო იცხოვროს,” – ამბობს ის.
ელენეს თქმით, ბევრ გალელ სტუდენტს ექმნება პრობლემა, როდესაც ისინი იწყებენ საცხოვრებლის მოძიებას რაც პირველ რიგში, იმიტომ ხდება, რომ არ იციან როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი, ვის დაუკავშირდნენ. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ფინანსურად გალის მოსახლეობას ძალიან უჭირს და შესაბამისად, საცხოვრებლის მოძიება დაბალ ფასად ძალიან რთულია.
“გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ საერთო საცხოვრებელი არის საჭირო, ოღონდ დიდი, რომელიც 5000-მდე სტუდენტს დაიტევს და არა მხოლოდ კონკრეტულის, არამედ ნებისმიერი უნივერსიტეტის,” – ამბობს ის.
ელენე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პრობლემას გამწვავება ნამდვილად ემუქრება. პირველ რიგში, ფასების ზრდის და შემდეგ უკვე სტუდენტების გაზრდილი რაოდენობის გამო.
“სტუდენტების რაოდენობის ზრდა იმის შედეგია, რომ გალელები უგამოცდოდ ირიცხებიან საქართველოს უნივერსიტეტებში. თან, როგორც ვიცი, წლევანდელი სტუდენტების რაოდენობა არის რეკორდული და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ბინებზე.
მე ვიცნობ ძალიან ბევრ გალელ სტუდენტს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ საცხოვრებელი თბილისში, სწავლა კი, სულ რაღაც ერთ თვეში იწყება. ეს პრობლემა, ჩემი აზრით, არ გადაიჭრება მანამ, სანამ ბინის ფასები არ დაიწევს ან საერთო საცხოვრებელი არ აშენდება,” – ფიქრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ გორში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა