ევროკავშირში ოჯახები დასვენებასა და გართობაზე საშუალოდ 4-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე საქართველოში – ISET

კვლევითი ორგანიზაცია ISET-ის ინფორმაციით, ევროკავშირში სამომხმარებლო ხარჯების ის წილი, რასაც ოჯახი დასვენებასა და გართობაზე ხარჯავს, საშუალოდ 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.
ISET-ის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირში ოჯახის მიერ დასვენებასა და გართობაზე დახარჯული თანხა სამომხმარებლო ხარჯების 8%-ს შეადგენდა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 2023 წელს 2% იყო.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 15.6%-ითაა გაზრდილი.
ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 057.2 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, 11.7%-ით გაიზარდა ერთ ვიზიტზე ქართველი მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯი.
ადგილობრივმა მოგზაურებმა ყველაზე მეტი თანხა, 228 მილიონი ლარი, საყიდლებზე დახარჯეს. გაწეული ხარჯის ოდენობით, შემდეგია საკვებისა და სასმლის ხარჯები რაზედაც ადგილობრივმა დამსვენებელმა 156,1 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო მესამე ადგილზე განთავსებისთვის საჭირო ხარჯებია 91,3 მილიონი ლარია.