მეც ჩემს თავში და მამუკამაც თავის თავში დავამარცხეთ წყენა, იმიტომ, რომ არ გვაქვს უფლება იმ ეთერში ვიყოთ ჩარჩენილები, იქ რა საზიზღრობებსაც ერთმანეთს ვეუბნებოდით, იქ დავრჩეთ. არა, ახლა იმის დროა, რომ ერთ მუშტად შევიკრათ და დავიგრგვინოთ 26 ოქტომბერს , – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ღონისძიებაზე განაცადა, სადაც მისი პარტია ოფიციალურად შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ძლიერი საქართველო“.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად წარსულში არსებული წყენებისა, ახლა ბოდიშების დროც კი არ არის, არამედ მხოლოდ შერიგებისა და გაერთიანების დროა.
“ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე ძალიან გავახარეთ. გახსოვთ, მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს. ჩვენ ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს და ვუთხარით, რომ არც ბოდიშების დროა ახლა, ახლა შერიგების დროა და ერთად დგომის დროა. რატომ ვდგებით ახლა ერთად?- თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. რატომ გვაქვს გული ასე დამძიმებული და დაჭმუჭნილი ბოლო პერიოდში? – იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ; უბრალოდ, ქვეყანას გვიყიდიან, გადაუჭარბებლად. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. ხალხი, ვინც ამ ქვეყანას თავს მოაჯდა, “ლაჯებში ამოიდო” ჩვენი ქვეყანა – გაუტკბათ ქვეყნის ძარცვა, გაუტკბათ პატარა ბიჭ-ბუჭებს ძალაუფლება, მოსწონთ ბიუჯეტიდან ფულის პარვა, აქეთ-იქით სეირნობა და დროის ტარება. იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ.
როდის გვერეოდა მტერი, როდის გვამარცხებდა მომხდური? მაშინ, როდესაც ჩვენი მაშინდელი ლიდერები, ერისმთავრები, თავადები თუ ზოგიერთი ჩვენი მეფე ვერ ერეოდა საკუთარ თავში წყენას, ისევ ქართველისადმი შურს, ბოღმას და იმის ნაცვლად, რომ საჭირო დროს, საქართველოს განსაცდელის დროს, ერთ მუშტად შეკვრულიყვნენ, ხანდახან ერჩივნათ, რომ ფეხი დაედოთ ისევ ქართველისთვის, ერჩივნათ მტერს შეკვროდნენ, რომ ისევ ქართველი დაეჩაგრათ. გაიხსენეთ, რა საზიზღრობა იყო, ფარცხისის ბრძოლაში, რომ სიმონ ქართლის მეფე ისევ ქართველმა ყორღანაშვილმა დააჭერინა, იმიტომ, რომ მანამდე ნაწყენი იყო მეფეზე. შემდეგ ძვირი დაუჯდა ღალატი, მაგრამ ქვეყანას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდა უმეფობა და არეულობა. ამიტომ, მეც ჩემს თავში და მამუკამაც თავის თავში დავამარცხეთ წყენა იმიტომ, რომ არ გვაქვს უფლება იმ ეთერში ვიყოთ ჩარჩენილები, იქ რა საზიზღრობებსაც ერთმაენთს ვეუბნებოდით, იქ დავრჩეთ. არა, ახლა იმის დროა, რომ ერთ მუშტად შევიკრათ და დავიგრგვინოთ 26 ოქტომბერს და ამათ ვაჩვენოთ, მართლა ესაა საქართველო, ვაჩვენოთ ერთი რა ბიჭები და გოგოები ვართ ქართველები. ამიტომ ვდგავარ აქ და ამიტომ ჩამოვართვით მე და მამუკამ ხელი ერთმანეთს. ამისათვის ვართ, რომ ბოლომდე უნდა გავიტანოთ და ლელოც დავდოთ, გავიმარჯვოთ და ისევ მხრებში გავიმართოთ და ყველას ვუთხრათ, რომ საქართველო იქნება ყოველთვის ძლიერი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, “ლელოს”, “ანა დოლიძე ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედნის” ოპოზიციურ გაერთიანებას – “ძლიერი საქართველო” კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” ოფიციალურად შეუერთდა.