ბრაზილიელი შემტევი “ნაპოლიში” გადასასვლელად მზადაა – პრობლემა ოსიმენია

27 წლის ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერესი (სიმაღლე 175 სმ) მალე “ბენფიკადან” “ნაპოლიში” გადავა, – იტყობინება SportMediaset-ი.
გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური კლუბი ნერესს 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძენს, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 2-3 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნერესს “ნაპოლიში” გადაბარგება სურს, ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და სხვა კლუბების შეთავაზებები უარყო.
დავიდმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 1
გოლია.
მწვრთნელი ანტონიო კონტე ნერესისა და “ჩელსის” თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს სასწრაფოდ დამატებას მოითხოვს, მაგრამ ეს ფინანსურად იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ვიქტორ ოსიმენს არ გაყიდიან.