„რუსთავის ფოლადის“ მოგება 3-ჯერ შემცირდა – რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს ქვეყნის უმსხვილეს მეტალურგიულ საწარმოს

„რუსთავის ფოლადის“ მოგება 3-ჯერ შემცირდა – რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს ქვეყნის უმსხვილეს მეტალურგიულ საწარმოს
საქართველოს უმსხვილესმა მეტალურგიულმა საწარმომ შპს „რუსთავის ფოლადმა“ 2022 წელს 322 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით ნაკლებია.
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2022 წელს 20.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, 2021 წელს კი 3-ჯერ მეტი, 68.8 მლნ ლარი.
კომპანიის შემოსავლები გაყიდვის სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

მთლიანი შემოსავალი – 322 მლნ ლარი;
არმატურის გაყიდვები – 281.8 მლნ ლარი;
უნაკერო მილები – 36.6 მლნ ლარი.

ცალკეული ბაზრების მიხედვით კი, კომპანიის შემოსავლები ასეთია:

საქართველო – 277 მლნ ლარი;
ევროკავშირი – 20 მლნ ლარი;
დსთ – 15 მლნ ლარი;
აზია – 7 მლნ ლარი;
– 4 მლნ ლარი.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 314 მილიონ ლარს შეადგენდა, მისი ვალდებულებები კი 291 მილიონი ლარი იყო.
„კომპანია აწარმოებს ფოლადის ისეთ პროდუქტს, როგორიცაა კვადრატული ნამზადი, არმატურა და უნაკერო მილები. 2020 წელს კომპანიამ დაიწყო 35 ტონიანი მოცულობის ახალი რკალური ღუმლის მშენებლობა. 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით დაასრულა ახალი 35 ტონიანი ღუმლის მშენებლობა, რამაც ფოლადის წარმოების მთლიანი მოცულობა გაზარდა 400 000 ტონამდე წელიწადში. ახალი რკალური ღუმელი აწარმოებს მრგვალ ნამზადებს უნაკერო მილებისთვისაც, რაც მთლიანი წარმოების პროცესის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. 2022 წელს კომპანიამ დაიწყო ახალი გამათბობელი ღუმლის შექმნა არმატურის გლინვისთვის, საწარმოს ეფექტურობის და წარმადობის გაზრდის მიზნით.
არმატურა უმეტესად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, კვადრატული ნამზადი ძირითადად მიეწოდება
აზიის და აფრიკის ქვეყნებს და უნაკერო მილები გააქვთ აშშ-ს, ევროპის, აზიის და დსთ-ს ბაზრებზე.,“- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

შპს „რუთავის ფოლადი“ 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის მშობელი კომპანია და საბოლოო მაკონტროლებელი კომპანია იყო Tolanius Beheer BV, რეგისტრირებული ნიდერლანდებში და Park Street Capital L.P. თავად კომპანიის მართვას კი Hunnewell Partners-ი ახდენს.