„ბიოლი“ საივენთო მომსახურებაზე გადავიდა – რა ცვლილებებს გეგმავს ველნეს-კურორტი

„ხალხი ჯანმრთელობაზე ნაკლებს ფიქრობს, უფრო დიდი მოთხოვნა ივენთებზე გვაქვს“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ Bioli Medical Wellness Resort-ის დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ განუცხადა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კურორტზე დიდი განახლებები იგეგმება, „ბიოლმა“ ყოველდღიური Check in და Check out-ის რეჟიმი გააუქმა და დროებით მხოლოდ საივენთო მომსახურებაზე და გრძელვადიან გაქირავების რეჟიმზე გადავიდა.
„საკონფერენციო მიმართულებით ჩვენი ძირითადი მომხმარებლები 90% ქართველები არიან, დანარჩენი 10% კი შერეული, გვქონდა შეკვეთა ბრაზილიიდანაც. რაც შეეხება ფასებს, ეს ძალიან მერყევია და დამოკიდებულია ღონისძიების გაფორმებაზე, მენიუზე და ა.შ.“ – აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
მჭედლიძის თქმით ბიოლის შიდა სივრცეში სამუშაოები მიმდინარეობს, იგეგმება ხის კოტეჯების და აუზების მშენებლობა და მხოლოდ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ განაახლებს „ბიოლი“ სრული დატვირთვით მუშაობას.
„ჩვენ ვაპირებთ კოტეჯების დამატებას და აუზის მოწყობას, რომელსაც სახურავები ეხსნება, ამ სამუშაოების გამო პერიოდულად ბიოლის ტერიტორიაზე გვიწევს მძიმე ტექნიკის შეყვანა, სწორედ ამიტომ სტუმრების ყოველდღიურად მიღება არაკომფორტული იქნებოდა. ახლა ჩვენ მომხმარებელს კოტეჯის გრძელვადიანად რამდენიმე თვით დაქირავება შეუძლია, მუშაობს პავილიონი და ლაუნჯიც.“ – აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.