ხელისუფლებამ უნდა მისცეს სადიგოვს უფლება თავისუფლად დატოვოს საქართველო – IPI

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მისცეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვებისა და მესამე ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის უფლება.
“საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) უერთდება MFRR-ის პარტნიორ ორგანიზაციებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცეს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს და გაათავისუფლოს იგი საექსტრადიციო პატიმრობიდან. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა მისცეს სადიგოვს უფლება თავისუფლად დატოვოს საქართველო და გადავიდეს მესამე ქვეყანაში,” – წერია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) და პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF).
“MFRR-ის პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და გაათავისუფლონ სადიგოვი,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.