აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის რიგით მეორე საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ს მიმართულების კოორდინატორ მაია კოდუასთან ერთად, საზაფხულო ბანაკი „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბანაკში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, პროექტის პარტნიორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მოწვეული ტრენერების მონაწილეობით ისტორიის, ეთნო-კულტურის, კულტურული ფასეულობების, ეკოლოგიის, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებებით ტრენინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. მონაწილეები ასევე აქტიურად ჩაერთვებიან ინტელექტუალურ თამაშებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში.
„მოსწავლეები აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერით შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკსა და მუსიკოსთა პარკს დაათვალიერებენ, მოინახულებენ დელფინარიუმსა და პეტრას ციხეს.
მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკები აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი მოზარდებში კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართულებით განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, პიროვნული უნარ-ჩვევების წარმოჩენა და განვითარებაა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ