უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს, კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, დონალდ ნორკოსის, სელესტე მალოისა და ჯეიმს პანეტას შეხვდა.
კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების მნიშვნელობასა და აშშ-ში უკრაინელი მფრინავების სასწავლო მისიების გაფართოების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის სამიტში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.