8 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ რუსეთის კურსკის ოლქში ორჯერ გამოაცხადეს საჰაერო განგაში რაკეტებით და დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის გამო.
ადგილობრივი დროით ღამის ოთხი საათის შემდეგ, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა შვიდი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს დრონებით და რაკეტებით არაერთი თვეა უტევენ, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ან გენერალურ შტაბს ამ დრომდე არაფერი უთქვამთ სახმელეთო ოპერაციაზე, რომელიც რუსეთის თანახმად, უკრაინელებმა 6 აგვისტოდან დაიწყეს.
7 აგვისტოს, ღამით კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „რთული ოპერატიული ვითარების“ გამო და „რეგიონის ტერიტორიაზე მტრის ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. მან 7 აგვისტოს საგანგებო თათბირზე გამოიძახა თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი, გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დრექტორი ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ.
გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ 6 აგვისტოს, გამთენიისას უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო შეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ნაწილის დასაპყრობად, თუმცა, ტერიტორიის სიღრმისკენ მათი გადაადგილება შეჩერებულია, ლიკვიდირებულია სულ მცირე 100 უკრაინელი სამხედრო, 215 დაჭრილია და გნადგურებულია 54 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 7 ტანკი. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის. გერასიმოვს არაფერი უთქვამს რუსეთის დანაკარგებზე.
კურსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 6-7 აგვისტოს დაიღუპა 5 და დაიჭრა 31 სამოქალაქო პირი.