უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს – რუსული ტელეგრამ-არხები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, სამი სოფელი აიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მედია, მათ შორის რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“ და უკრაინული პრესა რუსულ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული ტელეგრამ-არხი „რიბარი“ იუწყება, უკრაინის ჯარი კურსკის ოლქში, სუჯანსკის რაიონში 6 აგვისტოს შევიდა და სასაზღვრო ზონასთან გამაგრება შეძლო.
არხის ავტორის, მიხაილ ზვინჩუკის თქმით, უკრაინელების დანაყოფმა დაიკავა სოფლები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინულ და რუსულ დანაყოფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს კიდევ ორ სოფელში, გონჩარივკასა და ოლეშნიაში.
როგორც ტელეგრამის ხსენებულ არხზე წერენ, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის 400 სამხედრო მოსამსახურე შეიჭრა, კიდევ 2000-მდე სამხედრო საზღვართან არის კონცენტრირებული. ზვინჩუკი თვლის, რომ უკრაინელების ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და კიდევ სულ მცირე რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს.
კიდევ ორი არხის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სვლას სუჯისკენ და ქალაქი თითქმის მთლიანად ევაკუირებულია. ომის მომხრე რუსული წყაროები ამბობენ, რომ უკრაინის ჯარის ერთ-ერთი მიზანი სუჯის გაზის აღრიცხვის სადგურის განადგურება შეიძლება იყოს.
სუჯა უკანასკნელი მოქმედი პუნქტია, რომლითაც რუსული გაზის ექსპორტი ხდებოდა ევროპაში უკრაინის გავლით, იუწყება სააგენტო „როიტერსი“.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი რუსული რიტორიკის ჩვეულ სტილში უკრაინულ ჯარს ნაცისტებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ „ოლქი გმირულად უწევს წინააღმდეგობას“.
პროპაგანდისტული არხი „ორი მაიორი“ ამტკიცებს, რომ უკრაინის ჯარები 15 კილომეტრის სიღრმეში არიან ოლქში შესულები და ფრონტის სიგანე 10-11 კილომეტრია.
ამავე არხის ინფორმაციით, 6 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.
7 აგვისტოს, გამთენიისას უკრაინული მხარის დრონებმა ორჯერ მიიტანეს დარტყმა სუჯაზე, ამაზე ინფორმაციას ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სმირნოვი ავრცელებს და ამბობს, რომ პირველი დარტყმის შედეგად ორი ბავშვი დაიჭრა, ხოლო მეორეს სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლისა და ექთნის დაღუპვა მოჰყვა.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ოლქის მთავარ ქირურგზე დაყრდნობით წერს, რომ კურსკის ოლქში დაშავებულთა რიცხვმა უკრაინელების შეტევის შედეგად 28 ადამიანამდე მიაღწია.
რუსეთის თავდაცვამ ბოლო ანგარიში 7 აგვისტოს დილით წარადგინა და განაცხადა, რომ ღამით სამი უპილოტო დრონი გაანადგურა ბელგოროდის ოლქის თავზე, 4 — კურსკის თავზე და კიდევ ორი – ვორონეჟისა და როსტოვის თავზე. მანამდე, 6 აგვისტოს საღამოს, რუსეთის მხარემ ჯერ თქვა, რომ უკრაინელებმა უკან დაიხიეს, მერე კი განცხადებიდან წაშალა ცნობა უკრაინელების უკან დახევის შესახებ.
ოფიციალური კომენტარი უკრაინის მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.
კურსკის ოლქზე თავდასხმის განხორციელების შემდეგ ტყვედ აყვანილი რუსი წვევამდელების ვიდეო გაავრცელეს უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა. ვიდეო დაკითხვის პროცესს ასახავს. ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენი რუსია ტყვედ აყვანილი.
ბოლო პერიოდში უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები სხვადასხვა პერიოდულობით ახორციელებდნენ შეტევებს სთან მოსაზღვრე ოლქებზე. თუმცა, როგორც წესი, ამ შეტევების უკან იდგა ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იბრძვიან, და არა უკრაინის რეგულარული ჯარი [რომლის მონაწილეობაც ამ შეტევაში ოფიციალურად არაა დადასტურებული].
მთავარ ფოტოზე: 6 აგვისტოს ღამე, ქალაქ სუჯაზე თავდასხმის შედეგები. ფოტო – კურსკის ოლქის ადმინისტრაცია

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს