Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, შეწყვიტოს სადიგოვის ექსტრადირების პროცედურა

Amnesty International-ის განცხადებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადიცია დაუშვებელია.
როგორც Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები, — საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის (non-refoulement) მოთხოვნის შესაბამისად, — და უზრუნველყოს სადიგოვისა და მისი მეუღლის საერთაშორისო დაცვა, თუ ისინი ამას ითხოვენ.
„ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია მას დააყენებს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების, წამების, თვითნებური პატიმრობისა და უსამართლო სასამართლოს რისკის წინაშე. სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის აღმოფხვრის ტენდენციას აგრძელებს“, — განაცხადა დენის კრივოშეევმა.
Amnesty International ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ჟურნალისტებისა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დააპატიმრეს.
მანამდე პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) საქართველოს მთავრობას მოუწოდა, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და მისცეს მას საშუალება, რომ საქართველო დატოვოს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მისი ექსტრადირება იგეგმება. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ. ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს, აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ