„ჩირიფრუტი“ ციფრულ სისტემას ნერგავს – კომპანიის გეგმები

„ჩირიფრუტი“ ციფრულ სისტემას ნერგავს, – ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ Bm.ge-თან განაცხადა.
მისი განმარტებით, ციფრული მიმართულების დანერგვა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის საშუალებითაც ყველა საჭირო ინფორმაციის აღრიცხვა ციფრულად მოხდება და კომპანიას ეს სიახლე განვითარებისთვის, ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება.
სოფო ჯიქიას თქმით, ციფრული სისტემის დანერგვას GITA-ს ციფრული ტრანსფორმაციის გრანტის საშუალებით შეძლებენ, რომელიც ახლა მოიპოვეს და 25 000 ლარს მოიცავს.
„ინფორმაციას სისტემურად შევკრებთ – ეს იქნება გაყიდვები, საწყობის მართვა თუ სხვა სახის ინფორმაცია, ყველაფერი თავს მოიყრის ამ ციფრულ სივრცეში და ჩვენ მერე ამ ინფორმაციის გაანალიზებას შევძლებთ, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. აქამდე ბუღალტრული აღრიცხვა ისე კეთდებოდა, როგორც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მაგრამ დანარჩენ ნაწილში ხელით მუშაობა გვიწევდა, მაგალითად, ჩანაწერებს რვეულში ვაკეთებდით და ინფორმაცია გაფანტული იყო და ანალიზის გაკეთება რთული იყო. ახლა ინფორმაცია იქნება ერთ სივრცეში და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ჩვენთვის კი მარტივი იქნება ანალიზი, თუ რა წერტილში რა პროცესი მიმდინარეობს.
2024 წელი ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან კომპანიამ მიზნად დაისახა საწარმოს შეძენა და მისი აღჭურვა – “ჩირიფრუტმა” ნატახტარში საწარმო ფართი შეიძინა, სადაც სარემონტო სამუშაოები, აღჭურვილობა, ნელ-ნელა შედის რომ მერე ფართო მასშტაბზე გავიდეს. გამოსავლის ძიებაში ვართ, როგორ შეიძლება პატარა სივრციდან დიდ სივრცეში გადასვლამ ზიანი კი არ მოგვიტანოს, მეტი შედეგი მოგვიტანოს. დიაგნოსტირება ჩავატარეთ, სად იყო ჩვენი სუსტი წერტილი და რაზე შეიძლებოდა აქცენტი გაგვეკეთებინა და გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გაციფრულება აუცილებლად გვჭირდებოდა, რადგან ამის გარეშე ჩვენ სწორ ანალიზს ვერ ვახდენდით და ანალიზის გარეშე დიდი საწარმოს მართვა შეუძლებელია. ციფრული სისტემის დანერგვა დაგვეხმარება, სწორად დავინახოთ სურათი, რაც გაყიდვების ზრდაში და ახალი რესურსების მოზიდვაში დაგვეხმარება”, – განაცხადა სოფო ჯიქიამ და დასძინა, რომ კომპანია განვითარებას საექსპორტო მიმართულებითაც გეგმავს და პირველ ეტაპზე პროდუქციის გატანა -ის ბაზარზე იგეგმება.
„ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: 80-მდე სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ტყლაპებს, შოკოლადში ამოვლებულ ხილეულს, ცუკატებს, შოკოლადიან კანფეტებს და ა.შ. „ჩირიფრუტის“ პროდუქცია „გალერეა თბილისში“, „სითი მოლში“, „დუტი ფრისა“ და ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე კერძო მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ