ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 28 ადამიანს, რომლებიც მონაწილეობენ ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. სანქციების სია შევსებულია ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მეოთხე წლისთავის წინ, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.
შეზღუდვები შეეხოთ BelTA-ს გენერალურ დირექტორს ირინა აკულოვიჩს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ძმიტრი ჟუკს, ასევე ტელეარხ STV-ს პროგრამა „სენატის“ წამყვანს და ეროვნულ ასამბლეაში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკიტა რაჩილოვსკის.
„რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ბელარუსის საზოგადოებას შეგნებულად აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას რეპრესიების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომელიც მომზადებული იყო როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ და სიძულვილს აღვივებდნენ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
სანქციების სიაში ასევე მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ГУБОПиК) უფროსის ორი მოადგილე.
„GUBOPiK არის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ბელარუსში პოლიტიკური დევნისთვის, მათ შორის აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების თვითნებური და უკანონო დაპატიმრებებისა და სასტიკი მოპყრობისთვის, წამების ჩათვლით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
გარდა ამისა, სიაში შედიან სასამართლო სისტემის სხვადასხვა წარმომადგენლები, კერძოდ, პროკურორები და მოსამართლეები, ასევე სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელები.