· 98
“ცოლი თითქოს სიყვარულით შევირთე, მაგრამ, სამი თვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და აბსოლუტურად უცხოები ვართ ერთმანეთისთვის. ჩხუბებმა და უსიამოვნებებმა იმატა და ისეთ ფაზაში შევიდა, რომ მივხვდით, ჩვენი ერთად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და ქორწინებიდან მეოთხე თვის დასაწყისში გავეყარეთ. მაშინ ნანუკა ორი თვის ორსული იყო. გაყრისას მითხრა, რომ ბავშვი აღარ გაჩნდება – არ მინდა, შენი შვილი გავზარდო, ისიც შენნაირი არანორმალური იქნებაო.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი მისმა დაქალმა დამირეკა – ნანუკამ მუცელი მოიშალაო. შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ, ძალიან განვიცადე ეს ამბავი და, თუ რაღაც ნამცეცი მაინც მქონდა დარჩენილი სინანულისა და შერიგების სურვილისა, ისიც გამიქრა, უფრო სწორად, საშინელ აგრესიაში გადამეზარდა და ყოფილი ცოლი საშინლად შემძულდა. ვერასოდეს ვაპატიებდი იმას, რომ შვილი მომიკლა, მაგრამ, უკვე მომხდარს რაღას ვუზამდი და მისი სახელი მთლიანად ამოვირეცხე გულიდან.
რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით გავიგე, ნანუკას ვიღაც კაცისგან ბავშვი გაუჩენია და მარტო ზრდისო. ამ ამბავმა ისე გამაცოფა, ვერ აგიწერთ. იმიტომ კი არა, რომ ვიეჭვიანე, იმან გამაგიჟა, რომ კანონიერი, სიყრმის შვილი მოიშორა და ვიღაც უცნობისგან გააჩინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ჯინაზე. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქალის უგუნურობასა და სიტუტუცეს საზღვარი არ ჰქონდა. ერთი პირობა, ვიფიქრე, მივუვარდები და ერთს კარგად გამოვლანძღავ-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ არაფერს აზრი აღარ ჰქონდა და ბოღმა გულში ჩავიკალი.
გავიდა ხანი. ცოლი მეც შევირთე და ნანუკა საერთოდ დავივიწყე. ჩემს მეორე ცოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, სამი გოგონა გაგვიჩნდა და ვზრდიდით შვილებს. ერთ დღეს კი სამსახურში ვიღაც სიმპათიურმა ყმაწვილმა მომაკითხა და მთხოვა, თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს და, თუ შეგიძლიათ, ნახევარი საათი დამითმეთო. ძალიან გამიკვირდა, რადგან, ვინ იყო ეს ბიჭი, არ ვიცოდი. თუმცა, რომ დავინახე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს სადღაც მყავდა ნანახი, უფრო სწორად, თითქოს ოდესღაც ვიცნობდი. ჯერ ვიფიქრე, უარს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ, მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია, უფროსებს გავეთავისუფლე და იმ ყმაწვილს გავყევი. მთხოვა, სადმე სკვერში ჩამოვსხდეთ, რომ ჩემი სათქმელი გითხრათო. რაღაცამ გამკენწლა გულში.
ვიფიქრე, ვინმე გარეკილი ხომ არ არის და რამეს ხომ არ მიპირებს-მეთქი. მაგრამ, ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა და ისე გულწრფელად და თან დაბნეული ტონით მელაპარაკებოდა, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან უჭირდა. ამიტომ, შიშმა გამიარა და გავყევი. სკვერში სკამზე რომ ჩამოვსხედით, თვალებში შემომხედა და მკითხა, ხომ არავის გაგონებთ ჩემი სახეო. მე ვუთხარი, თითქოს მეცნობი, მაგრამ, ვერ გამიხსენებია, საიდან-მეთქი. აი, აქედანო, – მითხრა, მერე გულის ჯიბიდან მომცრო ზომის სურათი გამომიწოდა აკანკალებული ხელით და გაფითრებული მომაჩერდა.
ფოტოს რომ დავხედე, გული გამიჩერდა – მასზე მე და ნანუკა ვიყავით გამოსახული და ეს ბიჭი გაჭრილი ვაშლივით მგავდა. თითქოს ყველაფერს მივხვდი, მაგრამ, მაინც ძალიან დავიბენი, რადგან, ვიცოდი, რომ ნანუკამ მუცელი მოიშალა. ეტყობა, ეს ყველაფერი სახეზე დამეწერა, რადგან ბიჭმა მწარე ღიმილით მითხრა:
– დიახ, მე თქვენი შვილი ვარ. გვარიც კი თქვენი მაქვს, რადგან თქვენ და დედაჩემი კანონიერი ცოლ-ქმარი იყავით.
– კი მაგრამ, – დაბნეულად ვუპასუხე მე, – აკი…
– ჰო, მაგრამ, – სიტყვის დასრულება არ მაცადა ბიჭმა, – ეს ტყუილი იყო, სულელური ტყუილი, რომლითაც დედაჩემს უნდოდა, შური ეძია თქვენზე. მეც სულ მატყუებდა, მეუბნებოდა, შენ რომ სამი თვის იყავი, მამაშენი მაშინ გარდაიცვალაო. ახლა დედა ძალიან მძიმედ არის ავად, დღეები აქვს დათვლილი, სიკვდილის წინ გამენდო და მთხოვა, მეპატიებინა. თქვენც გთხოვთ, მიუტევოთ. ეს მისი მონანიებაა. თან, გამომიტყდა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მთელი ცხოვრება თქვენ უყვარდით. თქვენთან დაშორების შემდეგ არც კი გათხოვილა. თურმე, გულში ისევ თქვენ გელოდათ, სულ ჰქონდა იმედი, რომ, ერთ დღესაც, დაბრუნდებოდით მასთან.
ამ სიტყვების გაგონებაზე ისე ცუდად გავხდი, ინფარქტი თუ არ დამარტყამდა, არ მეგონა. იმ დღესვე გავყევი ლექსოს (ჩემი სახელი დაურქმევია დედამისს) ნანუკასთან და მართლაც სულთმობრძავს მივუსწარი. საწყალს, სიმსივნე ჰქონდა. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო და ორივეს მადლობა გვითხრა. მერე კარგა ხანს გვიყურა სევდიანი ღიმილით და თქვა, ტყუპებივით ჰგავხართ ერთმანეთსო. მეტი ხმა არ ამოუღია.
ნანუკა მეორე დილით გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარში დავუდექი ჩემს შვილს, რომელიც მართლაც შესანიშნავი ყმაწვილი აღმოჩნდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ დედამისის. ორმოცი რომ გადავიხადეთ, ლექსოს ვთხოვე, ჩვენთან გადმოდი და შენი ბინა გინდა გააქირავე, გინდა დაკეტე-მეთქი. გაუხარდა და დამეთანხმა. მითხრა, მარტოს ძალიან გამიჭირდება ამ ბინაში ცხოვრებაო.
ჩემმა ცოლ-შვილმა ლექსო არაჩვეულებრივად მიიღო. გოგონები სიხარულით ჭკუაზე არ არიან, რომ ასეთი ძმა ჰყავთ. მე და ჩემი ბიჭიც ძალიან დავმეგობრდით და ვცდილობთ, სულ ერთად ვიყოთ – გვინდა, ამოვავსოთ იმ წლების დანაკლისი, რაც უერთმანეთოდ გავატარეთ.
შენიშვნა : ფოტო მითითებულია პირობითათ