თხილი 11.3%-ით გაიაფდა – შარშან თხილი ყველაზე ძვირი კახეთში, ყველაზე იაფი კი გურიაში ღირდა

საქართველო თხილის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, რომელიც ნედლეულის ექსპორტით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაშია. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით თხილის ექსპორტის 6.7%-ი საქართველოზე მოდიოდა. ქართული თხილის თითქმის მთლიანი, 97.7%-იანი წილი საქართველოს ხუთ რეგიონში იწარმოება. 2022 წელს თხილის ყველაზე დიდი მოსავალი სამეგრელო-ზემო სვანეთში მიიღეს.
რეგიონების მიხედვით წარმოების განაწილება ასეთია: სამეგრელო ზემო სვანეთი – 42.2%; გურია – 20.7%; კახეთი – 12.9%; აჭარა – 12.0%; იმერეთი – 10.5%; სხვა რეგიონები – 2.1%.
2022 წელს თხილის წარმოება ყველაზე შესამჩნევად კახეთში გაიზარდა, რასაც ხელი ამინდის ხელსაყრელმა პირობებმა შეუწყო. დანარჩენ რეგიონებში კი, 2021 წელთან შედარებით, კლება დაფიქსირდა.
პუბლიკაციის მიხედვით, თხილის ფასები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. 2020-2202 წლებში კახეთში წარმოებული თხილი ყველაზე ძვირი ღირდა. ნ
ნედლეულის ღირებულება რეგიონების მიხედვით ასეთია (2022 წელი, 1 კილოგრამი თხილის ფასი დოლარში): კახეთი – 1.8; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1.3; იმერეთი – 1.3; აჭარა – 1.1; გურია 1; საქართველო – 1.3.
თხილის ფასებმა 2022 წელს შემცირების ტენდენცია დააფიქსირეს. 1 კგ თხილის ღირებულება ყველა რეგიონში, წლიურ ჭრილში საშუალოდ, 11.3%-ით შემცირდა. ფასების კლება უარყოფითად აისახება თხილის წარმოების მომგებიანობაზე საქართველოში.