პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ამათი თავდადების მისხალი მაინც ჰქონდეს მთელს ჩვენს პოლიტიკურ კლასს, ერთად აღებულს.
ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, მისი კულტურის საზომი მადლიერების შეგრძნებაა. პუტინის სასაკლაოდან გამოსული ვლადიმირ კარა-მურზას პირველი სიტყვები დაახლოებით ასეთი იყო (ნაუცბათევი თარგმანი რუსულიდან):
“სასიხარულოა, რომ ბოროტი ტრადიციების გარდა (დიქტატურა რუსეთში, დაპყრობითი ომები) ჩვენს ცხოვრებაში ბრუნდება კეთილშობილური ტრადიციებიც.
და ჩემი დაკვირვებით, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების, კონკრეტულად კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე კეთილშობილური ტრადიცია არის ინიციატივა, ლიდერობა, დახმარება პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლების საქმეში…
შემიძლია დავასახელო საბჭოთა/რუსული გულაგის სამი ძალიან ცნობილი სინდისის პატიმარი, რომელთაც თავისუფლების მოიპოვება შეძლეს გერმანიის ინიციატივის წყალობით.
ესენი არიან:
ალექსანდრ სოლჟენიცინი, 74 წლის თებერვალში… ისიც ლიფორტოვოდან გამოუშვეს მაინის ფრანკფურტში.
ანატოლი შირანსკი, 86 წლის თებერვალში… იგი გადაიყვანეს ჯაშუშების ცნობილ ხიდზე, გლინიკეზე, რომელიც პოტსდამსა და ბერლინის ვანზეეს აკავშირებს ერთმანეთთან…
და მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც 2014 წელს კარელიის იმავე კოლონიიდან გამოიყვანეს, სადაც ჯერ კიდევ წინა კვირას იჯდა ჩემი ამხანაგი ანდრეი პივოვაროვი, და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გენშერის პირადი თვითფრინავით გადაიყვანეს ბერლინში.
ანკარის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ეს კეთილშობილური ტრადიცია გაგრძელდა.
გუშინ ვისაუბრეთ ამის შესახებ ფედერალურ კანცლერ შოლცთან. ვიცი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს (რუსი პოლიტპატიმრების გაცვლა კილერზე, რომელმაც ქართველი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში დახვრიტა) არ ყოფილა მარტივი, ჩვეულებრივი გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობისთვის. დემოკრატიულ წყობილებაში საერთოდ ძალიან იშვიათია მარტივი, უბრალო გადაწყვეტილებები. მარტივი გადაწყვეტილებები, ეს დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმების საქმეა. იქ ყველაფერი მარტივადაა, ყველაფერი ბრძანებით განისაზღვრება, ყველაფერი “რეალპოლიტიკის” ცინიკური მოსაზრებებისა და მიზანშეწონილობისთვის ხდება…
ჩემი აზრით, დემოკრატიულ და დიქტატორულ სისტემებს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ დემოკრატიული წყობისთვის უმაღლეს ღირებულებად მიიჩნევა ადამიანის სიცოცხლე.
ბეჭედზე, რომელიც ოსკარ შინდლერს აჩუქეს ებრაელებმა გრავირებული იყო სიტყვები თალმუდიდან: “ერთი სიცოცხლის გადარჩენა მთელი კაცობრიობის გადარჩენას ნიშნავს”. გუშინ 16 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, მე არ მგონია, რომ ამქვეყნად ამაზე მნიშვნელოვანი იყოს რამე…
ამიტომ დიდი მადლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.”
დიახ, ოლაფ შოლცი შეიძლება ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი არ იყოს, არც პოპულისტური ქარიშხლის აღძვრა შეუძლია მიკროფონით, ბევრ შეცდომასაც უშვებს, მაგრამ შეუძლია ურთულესი და ღირსეული გადაწყვეტილების მიღება.
როგორ ჩანს სხვაობა დასავლურ და რუსულ სამყაროს შორის! შეადარეთ ეს სამი ინტელიგენტი პატრიოტი იმ ცივსისხლიან ყასბებს, რომელებიც პუტინმა მიიღო.