ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, დემეტრე რევაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ჭედლიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შემთხვევა 29 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ატენში მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, დემეტრე რევაზაშვილმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.
საგამოძიებო უწყება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ ერთ პირს ეძებს – მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება დაუსწრებლად არის გამოტანილი.
დემეტრე რევაზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ