SJC: ქობულეთის მუსლიმური პანსიონატის საქმეზე ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა და მოსარჩელეების ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ქობულეთის მუსლიმური პანსიონის საქმეზე“ დარღვევა დაადგინა – ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.
საუბარია 2014 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც პანსიონის კარზე ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს.
“ადამიანის უფლებთა ევროპულმა სასამართლომ ქობულეთში ისლამური პანსიონატის ფუნქიონირებისთვის განგრძობადი ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მოსარჩელეების ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი ცხოვრების უფლება) და მე-9 მუხლების (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) დარღვევა, მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძავლა) ერთობლიობაში. ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან და მათთან კავშირში მე-14 მუხლთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, განმცხადებელების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული. განმცხადებლები აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის დროს სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები იყვნენ. აღნიშნულმა კი, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, შიშისა და დაუცველობის განცდა ჩამოაყალიბა, რის გამოც განმცხადებლებმა, პანსიონატის გახსნისგან თავი შეიკავეს. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევა, პანსიონატის შენობით განგრძობადი სარგებლობის შეუძლებლობის გამო პანსიონატის ადმინისტრაციის მხრიდან. კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებს“, ჰქონდა დაქირავებული შენობის თავისუფლად გამოყენებისა და მფლობელობის უფლება. საყურადღებოა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია,რომ განმცხადებლისათვის თავისი უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალების მინიჭების გზით, სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება შეასრულა. ” ნათქვამია განცხადებაში