“გახარია იქცევა უპასუხისმგებლოდ” – რომან გოცირიძე

გახარია იქცევა უპასუხისმგებლოდ. ანაკლიასთან დაკავშირებული მისი პარტიის კომენტარები არის “ქართული ოცნების” დანაშაულის გამართლება, რომელმაც მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის პროექტი.
ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად ხელისუფლებამ წამოიწყო ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადაგასული საქმე, გადააკვალიფიცირა რა ფულის დიდი ოდენობით გათეთრების მუხლად. ამ პროცესმა აშკარა პოლიტიკური დევნის ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, საერთაშორისო არბიტრაჟმა არ გაითვალისწინა ( და ვერც გაითვალისწინებდა) ამ საქმის პოლტიკური კონტექსტი. მაშინ, როდესაც ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელია ოპოზიციის შემდგომი გაერთიანება, მაშინ როდესაც ყველაზე ლოგიკური იქნება ეგრეთ წოდებული არანაცური მძლავრი კოალიციის შეკვრა “ლელოსა” და გახარიას პარტიას შორის, ანაკლიის თემაზე სახელისუფლებო პოზიციიდან, ვიწროპარტიული თუ პიროვნული შურისძიების მოტივით წარმოებული კამპანია ვნებს საერთო საქმეს. არც მამუკა ხაზარაძის მიერ გახარიასადმი წაყენებული ულტიმატუმი იყო სწორი, როდესაც გაერთიანების წინაპირობად კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა. როგორც ჩანს, ამ ფლანგზე ოპოზიციის გაერთიანების შანსი ფაქტობრივად მიმნიმუმამდე დავიდა. ნუ მივეცემით ილუზიებს. არასდროს საქართველოს ს ისტორიაში, მაღალი ბარიერით შემდგარ არჩევნებში ოთხ პარტიას ეს ბარიერი არ დაუძლევია. ერთხელ მოხდა ორზე მეტი ოპოზიციური პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა და ისიც მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო.
ალბათობა იმისა, რომ ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთი დარჩეს გარეთ, არის უფრო დიდი, ვიდრე ის, რომ პირიქით მოხდეს. ეს კი ნიშნავს ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენას. ამას ოპოზიციას არასდროს აპატიებს ხალხი.