უნგრეთის ბოლო გადაწყვეტილება, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა გაუმარტივოს, ევროკავშირში კრიტიკის საგანი გახდა.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელისადმი მიწერილ წერილში მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნგრეთის ნაბიჯმა გამოიწვია “სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების შეშფოთება”.
„სადავო“ ახალი წესები ამარტივებს “ჯაშუშურ საქმიანობას…[და] პოტენციურად საშუალებას აძლევს რუსი მოსახლეობის დიდ რაოდენობას, შევიდნენ უნგრეთში მინიმალური ზედამხედველობით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, – თქვა ვებერმა წერილში, რომლის ასლიც “ფაინანშელ თაიმსმა” გაასაჯაროვა.
ამ თვის დასაწყისში, უნგრეთმა გამოაქვეყნა დეტალები ახალი სწრაფი სავიზო სისტემის შესახებ რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის – რუსეთისა და ბელარუსის ჩათვლით – უნგრეთში უსაფრთხოების შემოწმების ან სხვა შეზღუდვების გარეშე შესვლისთვის. ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ბევრი დასაქმდება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელსაც რუსული “როსატომი” აშენებს.
რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შესვლა ევროკავშირში და შენგენის ზონაში, რომელშიც ასევე შედის ევროკავშირის არაწევრი ნორვეგია და შვეიცარია, თუ მათ აქვთ მოქმედი ვიზა და არ აქვთ კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
მაგრამ, დასავლეთის სანქციები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოიცავს რუსეთის საკუთრებაში არსებული ავიახაზების აკრძალვას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში, რაც ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბლოკში გამგზავრებას.
თავის წერილში, ვებერი მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს „მიიღონ ყველაზე მკაცრი ზომები შენგენის ზონის მთლიანობის დაუყონებლივ დასაცავად, უსაფრთხოების რისკის შეზღუდვისთვის.”
ორბანი, რომელსაც აკრიტიკებენ პუტინთან მეგობრული კავშირების გამო, ამ თვის დასაწყისში დამატებითი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც კიევის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ევროკავშირის ექვსთვიანი როტაციული თავმჯდომარეობით, ორბანმა ეს ვიზიტი “სამშვიდობო მისიად” შეაფასა, მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის მათ არ წარმოადგენდა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ორბანმა უარი თქვა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და რეგულარულად აჭიანურებდა, ამცირებდა ან ბლოკავდა ძალისხმევას, კიევისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნისა და მოსკოვისთვის სანქციების დაწესებისათვის.