ერევანი აზერბაიჯანის საზღვართან უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების ბრალდებას უარყოფს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის განცხადებებს სადაზვერვო თვითმფრინავის გაშვების შესახებ.
“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული შეტყობინება, რომ 28 ივლისს, დაახლოებით 17:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების კვადკოპტერმა სადაზვერვო ფრენა განახორციელა სასაზღვრო ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში , არ შეესაბამება რეალობას,”- ნათქვამია განცხადებაში.
29 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სომხეთის შეიარაღებული ძალების კვადკოპტერის მიერ საზღვარზე სადაზვერვო ფრენის განხორციელების მცდელობის აღკვეთის შესახებ.
26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა სომხური უპილოტო თვითმფრინავის შეჩერების შესახებ, რის შემდეგაც სომხეთი საზღვარზე სამხედრო პროვოკაციებსა და ახალი ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანი სომხეთს საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუ სომხური მხარე არ შეწყვეტს მსგავს ქმედებებს.