ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ინფლაციის პროგნოზი 1.9%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 პროცენტი იქნება. ამის შესახებ განცხადება სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა.
„საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.4 პროცენტს შეადგენდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს. ეს ერთი მხრივ, ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებაზე მიუთითებს, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის ასახვაა, როგორც გამკაცრების ასევე შერბილების მიმართულებით. მეორე მხრივ, დაბალ ინფლაციას ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენცია უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. განახლებული პროგნოზით 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 პროცენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქნას, კვლავ მაღალია. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საგარეო ფაქტორების მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. აღნიშნულს გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს“, – განაცხადა თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ