არჩევნების სადავო შედეგს ვენესუელაში საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა

ვენესუელის დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
BBC-ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ჩამოვიდა კარაკასის ცენტრში და გაემართა პრეზიდენტის სასახლისკენ. კარაკასის ქუჩებში მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამხედროები და პოლიცია იყო, რომლის მიზანი იყო მომიტინგეების დაშლა და პრეზიდენტის სასახლესთან მიახლოების თავიდან აცილება. ზოგიერთ რაიონში მადუროს პლაკატები ჩამოხიეს და დაწვეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს საბურავები, მანქანებსა და ნაგავს. მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ შეიარაღებული პოლიციელები, სამხედროები და გასამხედროებული მემარცხენეები, რომლებიც ხელისუფლებისადმი სიმპათიით არიან განწყობილნი. მათ გადაკეტეს გზები ქალაქის ცენტრში.
ვენესუელას მთავრობამ გამოაცხადა პანამასთან და დომინიკის რესპუბლიკასთან კომერციული საჰაერო ფრენების დროებითი შეჩერება.
მადურომ ოპოზიცია გადატრიალების მოწოდებაში დაადანაშაულა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა. ისინი ცდილობენ ვენესუელაში კვლავ მოაწყონ ფაშისტური და კონტრრევოლუციური ხასიათის სახელმწიფო გადატრიალება“.
ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა გააფრთხილა, რომ საპროტესტო აქციების ფარგლებში გზების გადაკეტვა ან რაიმე კანონის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია არეულობებთან, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მისი თქმით, 32 ადამიანი დააკავეს ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა საარჩევნო მასალების განადგურება და ძალადობის გამოწვევა.
დასავლეთისა და ლათინური ამერიკის არაერთმა ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანოებმა, მათ შორის გაერომ, მოუწოდეს ვენესუელის ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ ხმის მიცემის ჩანაწერები ცალკეულ საარჩევნო უბნებზე.
ვენესუელაში 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოცხადდა. მაშინ, როცა ეგზიტპოლები საპირისპირო მონაცემებს აჩვენებს, ოპოზიცია არ ენდობა ოფიციალურ შედეგებს და გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აცხადებს. არაერთი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვებას და შედეგების სამართლიან შემოწმებას ითხოვს.
ამ თემაზე:
ვენესუელის არჩევნებში მადუროს საკამათო გამარჯვება გამოცხადდა
საერთაშორისო რეაქციები ვენესუელის არჩევნებზე

ასევე დაგაინტერესებთ