კონსორციუმი: არბიტრაჟის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” (ADC) ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კონსორციუმის სარჩელი 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპენსაციის გადახდას ეხებოდა.
„საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია — ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, — ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.
კონსორციუმის თანახმად, მან და ინვესტორებმა პროექტში დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ინვესტირება ჩადეს. ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და „ძირი არ გამოეთხარა“ პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.
„მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას“, — აცხადებს კონსორციუმი.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამბობს, რომ საარბიტრაჟო საქმე წამოიწყო, ვინაიდან ჰქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაეცვა თავისი ინვესტორების ფინანსური ინტერესები, ამასთან, გამოსავლის მოსაძებნად მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც მუშაობდა.
„ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, — აცხადებს კონსორციუმი.
ADC-ის აქციონერები არიან: „ ეიჩ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star (ბულგარეთი) და „Conti International“ (აშშ).
2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ADC-ს წარმოადგენდა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს Baker McKenzie-ის პარტნიორი ენდი მუდი ლონდონიდან, და იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა თბილისიდან.
ჰოლანდიელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს-ნიდერლანდების ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი უფლებების დასაცავად. აღნიშნული დავა კვლავ მიმდინარეობს და არ დასრულებულა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სარჩელი, რომელიც მთავრობის მიერ მიზანმიმართული ქმედებების შედეგად პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტას შეეხებოდა და კომპენსაციის სახით დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს ითხოვდა.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა