წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! – დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული…

ოლიმპიადის ციებ-ცხელება ჩვენში სრულად შემოიჭრა, დადებითი და უაყოფითი ემოციები ერთმანეთს ენაცვლება. ვიღაც 4 წელი ემზადება იმისთვის, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ასპარეზობას რამდენიმე წუთში ასრულებს, ზოგიერთი კი მოულოდნელ სიხარულს ეზიარება. ტურნირებზე, რომლებიც საკმაოდ დიდი პერიოდულობით ტარდება, გამარჯვებაცა და მარცხიც უფრო მძაფრად აღიქმება…
საწყისი ოლიმპიური დღეები ქართველებისთვის წარმატებული არაა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც კატასტროფული ხდება – ყველაფერი წინაა!.. ძიუდოთი დავიწყოთ. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი იმედები უფრო საშუალო წონებს უკავშირდება. მაგალითად, ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ). ის პარიზში მიმდინარე თამაშების უპირობო ფავორიტია, ამის მიუხედავად,
სრული კონცენტრაცია მართებს, წინა შეჯიბრებაზე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს. დღეს ლაშა შავდათუაშვილი გამოდის, ქართული ძიუდოს ლეგენდა და ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედალოსანი, რომელთანაც ყოველთვის მედალს უნდა ელოდო.
აქვე, 29 ივლისის პროგრამას გაგაცნობთ:

ძიუდო
12:00 სთ-დან –
ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) – გაბა (საფრანგეთი) (მე-9 ბრძოლა);
ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) – ნაირნე (დიდი ბრიტანეთი) (მე-11 ბრძოლა)
კრივი. 1/8 ფინალი
22:48 სთ –
ლაშა გურული (-63.5 კგ) – მალიკ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
უტა აბეს ცრემლები
უტა აბეს მაგალითი გასათვალისწინებელია. მართალია, ის ძლიერ უზბეკ ძიუდოისტთან დამარცხდა, მაგრამ მისი უმედლოდ დარჩენა დიდი მოულოდნელობაა. შეუძლებლია, ემოციების გარეშე უყურო იაპონელის ცრემლებს, ის უბრალოდ საკუთარ თავს ვერ პატიობდა იმას, რომ ვაზარით დაწინაურეულმა გამარჯვება ბოლომდე ვერ მიიყვანა. ტრიბუნებმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ბუკლი ზიდანთან ერთად
სიხარულის ცრემლებზეც ვთქვათ. ფრანგი ძიუდოისტი შირილ ბუკლი სიგიჟემდე გახარებული რომ იყო შინაურ კედლებში მოპოვებული ბრიბჯაოს მედლით… იელდოს სმეტოვის (-60 კგ) ოლიმპიური ოქროც დიდი მოულოდნელობა იყო (ყაზახები აშკარად კარგად მოემზადნენ. აზერბაიჯანელების სისუსტეც აღსანიშნავია). მას უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს, წინა ოლიმპიადიდან დღემდე კი ბევრგან არ გვინახავს.
სმეტოვის მოულოდნელი სიხარული

ოლიმპიადა, მითუმეტეს სპორტის ზოგიერთი სახეობა, ისე როგორ ჩაივლიდა, მსაჯების შეცდომები რომ
არ იყოს – ვიღაცისთვის გამიზნული, ვიღაცისთვის უნებურად დაშვებული. ჩვენი თანადგომა სანდრო ბაზაძეს, რომელმაც მომხდარი (უკვე მეორე ოლიმპიადაზე) ძალიან განიცადა – არ შეიძლება, ფარიკაობა წესები ასეთი ორაზროვანი იყოს, წარმატებას მეტოქეები ერთნაირად აღნიშნავდნენ. თუკი სენსორულად შესაძლებელია იმის გარკვევა, პირველი ჩხვლეტა ვისი იყო, მაშინ მის დადგენას არბიტრების ასეთი რთული ჩარევა რატომ უნდა სჭირდებოდეს?!
ბაზაძის ემოციები უკვე მეორე ოლიმპიადაზე

პარიზი 2024-ზე მშვენიერი მატჩები იმართება ფრენბურთსა თუ კალათბურთში, საინტერესო იყო, რომ ფიჯის შვიდკაცა რაგბის ნაკრები მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა, ვნახეთ ცურვაში შეჯიბრებებიც, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი მთავარი ყურადღება იმ სახეობებისკენაა, სადაც ქართულ მედლებს ველით. ასე ვითვლით შესაძლო მედლების რაოდენობას ჭიდაობებში თუ ლაშა ტალახაძის მორიგ რეკორდს. საქართველოს თავისი თამასა აქვს, რომელსაც არ ჩამოცდება!..