რამდენი ავტომანქანა დადის ყოველდღიურად და რამდენი საპარკინგე ადგილია დედაქალაქში

Business Insider Georgia თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს ესაუბრა:
კითხვა: ბოლო სტატისტიკით, საშუალოდ, რამდენი ავტომანქანა გადაადგილდება თბილისში?
პასუხი: სამუშაო დღეებში, 24 საათის განმავლობაში, დედაქალაქში საშუალოდ, 700 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს ავტომობილებზე დამოკიდებულება, რისთვისაც საჭიროა, რომ ქალაქს ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი მეტი ზოლი და ალტერნატიული გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ხოლო მოსახლეობამ ამის შემდეგ თავად განსაზღვროს, გადაადგილების რა საშუალება გამოიყენოს.
მეტი ავტომობილი ავტომატურად ნიშნავს მეტ გამონაბოლქვს, ხმაურსა და საცობს, რაც, როგორც კერძო ავტომობილით, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას ართულებს და ქმნის არაჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს.
ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების პარკირების 27 614 ადგილი, რომელთაგან ნაწილი არის უფასო, ნაწილზე კი მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ელექტრომობილის მფლობელებისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და დისტრიბუციისთვის მათთვის გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში, პარკირების საფასური შეადგენს ერთი საათი – ერთ ლარს. ამ დროის მონაცემებით, დედაქალაქში გამოყოფილია ზონალურ-საათობრივი პარკირების 12 837 ადგილი.
ცნობისთვის, ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ დედაქალაქში განსაზღვრულია ათი ყველაზე დატვირთული ლოკაცია, სადაც ახალი საპარკინგე სივრცეების მოსაწყობად მერიას დაინტერესება არ აქვს. შესაბამისად, ახალი ლოკაციის დამატებით გამოყოფა, აზრს მოკლებულია. წილოსანის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონების ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე; სამგორის რაიონში – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანის რაიონში – მუხიანის გადასახვევის მიმდებარედ; ისნის რაიონში – ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ; ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებსა და აბანოთუბანში.
შეგახსენებთ, თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს. ავტომობილების გასაჩერებლად სივრცეებიც საკმარისია და სივრცეებში თავისუფალი ადგილებიც. თუმცა, მძღოლები ამბობენ, რომ რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება. მათი მტკიცებით, არასწორი პარკირების გამო ყოველთვიურად ათობით ლარით ჯარიმდებიან, ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ავტომობილის გასაჩერებლად თავისუფალ ადგილებს რთულად პოულობენ.
ოპოზიცია კი დედაქალაქის მერს დაპირებას ახსენებს, რომლის თანახმადაც თბილისში დამატებით მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკირებები უნდა მოწყობილიყო.
გვპირდებოდა, რომ ის გაიყვანა სითი პარკს და გაიყვანა, რომელშიც, სხვათა შორის, რამდენიმე მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აეშენებინათ მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკინგები, რომ შეექმნათ ადმატებითი საპარკინგე ადგილები, მხოლოდ გადასახი გაუძირეს თბილისელებს და საპარკინგე სივრცეები არათუ გაზარდეს, არამედ პირიქით, შემცირებულია. დღეს გავქვს ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია, ვიდრე იყოს კახი კალაძის მოსვლამდე”, – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
წყარო: businessinsider.ge
წყარო: businessinsider.ge