რამდენი საპარკინგე ადგილია დედაქალაქში – ვიქტორ წილოსანი

Business Insider Georgia თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს ესაუბრა:
კითხვა: რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა მ განაცხადა, რომ ქალაქში არსებობს საპარკინგე სივრცეები და პარკირების პრობლემა არ არის. რამდენი საპარკინგე ადგილია თბილისში? ფასიანი და უფასო?
პასუხი: პარკირება არის კერძო ავტომობილის გადაადგილების წახალისება და ყველა განვითარებულ ქალაქში გამოიყენება, როგორც მობილობის მართვის ინსტრუმენტი. დედაქალაქში ამჟამად იმაზე მეტი საპარკინგე ადგილია, ვიდრე მისი გამტარუნარიანობაა, თუმცა ვინაიდან ვართ რეფორმის პროცესში და ალტერნატიული გადაადგილების ინფრასტრუქტურა სრულად არ გვაქვს მოწყობილი, მობილობის მართვის ამ ინსტრუმენტს სრული შესაძლებლობით არ ვიყენებთ.
დღეისთვის დედაქალაქში არსებობს რამდენიმე ტიპის პარკირება. კერძოდ, ჩვეულებრივი საპარკინგე არეალები, სადაც ყოველწლიურად ვიხდით 50-ლარიან მოსაკრებელს და ამის შემდეგ იმ ტერიტორიაზე პარკირება არის უფასო; ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის ღირებულება არის საათში ერთი ლარი, სადაც სპეციალურად გამოყოფილია ადგილები ტაქსების, შშმ პირების, ელექტრომობილებისა და სადისტრიბუციო ავტომობილების პარკირებისთვისაც, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერვისით სარგებლობა უფასოა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების პარკირების 27 614 ადგილი, რომელთაგან ნაწილი არის უფასო, ნაწილზე კი მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ელექტრომობილის მფლობელებისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და დისტრიბუციისთვის მათთვის გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში, პარკირების საფასური შეადგენს ერთი საათი – ერთ ლარს. ამ დროის მონაცემებით, დედაქალაქში გამოყოფილია ზონალურ-საათობრივი პარკირების 12 837 ადგილი.
კითხვა: რაც შეეხება საპარკინგე სივრცეებს, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, ფილარმონიის წინ არსებულ სივრცეზე მიწისქვეშა პარკირების სისტემის მოწყობის მიზნით გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა ბიზნესი არ დაინტერესებულა. როგორ ფიქრობთ რატომ არ ინტერესდება ამ მიმართულებით კერძო ბიზნესი?
პასუხი: თბილისის მერიამ, რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაცხადა, თუმცა პირველ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ქალაქში პარკირება, მიუხედავად ფასიანი სერვისებისა, მაინც ძალიან იაფია.
კითხვა: ამის მიზეზია ტენდერის პირობები თუ პარკინგზე არსებული ფასი? ხომ არ გეგმავთ ფასის ზრდას?
როგორც უკვე მოგახსენეთ, პარკირება არის მობილობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა, ვინაიდან რეფორმის პროცესში გასამართია გადაადგილების ალტერნატიული შესაძლებლობების ინფრასტრუქტურა, ამიტომ, აღნიშნულ ბერკეტს სრულად არ ვიყენებთ.
ცნობისთვის, ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ დედაქალაქში განსაზღვრულია ათი ყველაზე დატვირთული ლოკაცია, სადაც ახალი საპარკინგე სივრცეების მოსაწყობად მერიას დაინტერესება არ აქვს. შესაბამისად, ახალი ლოკაციის დამატებით გამოყოფა, აზრს მოკლებულია. წილოსანის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონების ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე; სამგორის რაიონში – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანის რაიონში – მუხიანის გადასახვევის მიმდებარედ; ისნის რაიონში – ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ; ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებსა და აბანოთუბანში.
“საპარკინგე სისტემის მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება/მოწყობა ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად ხორციელდება. სადაც ვახორციელებთ ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, იქ ვითვალისწინებთ ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაბამის საპარკინგე სივრცეების გამოყოფასაც. რაც შეეხება გადაადგილების სხვა საშუალებებს, მგზავრებს ვთავაზობთ სხვადასხვა ალტერნატივას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე ოპერირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებისა და მოქალაქეთა კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირების თვალსაზრისით. აქ იგულისხმება, როგორც ოპერაციული, ისე ფინანსური – გადახდის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის ნაწილი, რათა მგზავრებმა ქალაქში გადაადგილებისთვის მათთვის საუკეთესო და მისაღები ფორმა აირჩიონ,” – ამბობს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი.
შეგახსენებთ, თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს. ავტომობილების გასაჩერებლად სივრცეებიც საკმარისია და სივრცეებში თავისუფალი ადგილებიც. თუმცა, მძღოლები ამბობენ, რომ რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება. მათი მტკიცებით, არასწორი პარკირების გამო ყოველთვიურად ათობით ლარით ჯარიმდებიან, ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ავტომობილის გასაჩერებლად თავისუფალ ადგილებს რთულად პოულობენ.
ოპოზიცია კი დედაქალაქის მერს დაპირებას ახსენებს, რომლის თანახმადაც თბილისში დამატებით მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკირებები უნდა მოწყობილიყო.
გვპირდებოდა, რომ ის გაიყვანა სითი პარკს და გაიყვანა, რომელშიც, სხვათა შორის, რამდენიმე მლნ ლარი ჯარიმა გადაიხადეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აეშენებინათ მიწისქვეშა და მიწის ზედა პარკინგები, რომ შეექმნათ ადმატებითი საპარკინგე ადგილები, მხოლოდ გადასახი გაუძირეს თბილისელებს და საპარკინგე სივრცეები არათუ გაზარდეს, არამედ პირიქით, შემცირებულია. დღეს გავქვს ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია, ვიდრე იყოს კახი კალაძის მოსვლამდე”, – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
წყარო: businessinsider.ge