areanapoli აღნიშნავს, რომ ახალი “ნაპოლი” “კვარაცენტრული” (Kvaracentrico) იქნება, რამეთუ მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის აშენებას ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აპირებს, ქართველი მისი ნდობით კმაყოფილია, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, თავად 8 მილიონს ითხოვს და თუ კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე განახლებაზე არ დათანხმდა, ძველი პირობებით დარჩენა მოუწევს.
ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ვარჯიშზე კონტემ ფეხბურთელები გატანჯა, კვარაცხელიას ზურგზე მცირე პრობლემა შეექმნა, თუმცა ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა.
“ყველას მზერა “კვარასკენაა” მიპყრობილი, ვინაიდან როგორც არასდროს “ნაპოლის” პროექტის სახეს წარმოადგენს. ეს პატარა მინიშნებებით თავიდანვე ნათელი იყო, როდესაც ვიდეოში ტრენტინოს შეკრებას და ახალი სპონსორის ფორმას რეკლამა გაუკეთა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ყოფნის გამო იქ ფიზიკურად არ იმყოფებოდა. მოკლედ, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ ნეაპოლური რესტარტის და გარანტირებული ამბიციების სიმბოლოა. ცხადია, ის რჩება ახალი ტექნიკური პროექტის მთავარ საყრდენად, რომელიც კონტეს სურდა იმთავითვე ყოველმხრივ დაეკავშირებინა თავის მომავალთან.
ხვიჩა ასევე მემკვიდრეობით მიიღებს ვიქტორ ოსიმენისგან წამყვანი ფეხბურთელის როლს, რომელიც ნეაპოლურ კარიერას ასრულებს. ნიგერიელმა საერთო ჯგუფთან ერთად ტაქტიკურ მეცადინეობაში მიიღო მონაწილეობა, მერე ბაზაზე გულშემატკივრებს მიესალმა და სპორტულ დარბაზში წავიდა. ორი ვარსკვლავი – ერთი მიმავალი და მეორე, რომელმაც “ნაპოლის” მომავალი გზა უნდა გაანათოს. ის პატივისცემის სიტყვებით კმაყოფილია და სურს კონტეს ნდობა დრიბლინგებით, წინამძღოლობით, საგოლე გადაცემებით და გოლებით გადაუხადოს”.