ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, მართალია სერგეი ლავროვი არის სანქცირებული, მაგრამ სანქციების შემთხვევაშიც კი ხდება დაშვებები ისეთ მასშტაბურ ფორმატებთან მიმართებაში, როგორიც არის ეუთოს მინისტერიალი.
სტანო განმარტავს, რომ ღონისძიებაში ლავროვის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ეუთომ შეძლოს და დაუპირისპირდეს კრემლის რეჟიმის უკანონო საქმიანობასა თუ ტყუილებს.
“როდესაც უმაღლეს დონეზე ფორუმებში საქმე ეხება ლავროვის მონაწილეობას, ის სანქციების ქვეშ არის რა თქმა უნდა. მაგრამ, სანქციებს ყოველთვის აქვს გადახრები ან გამონაკლისები და ეს დაკავშირებულია მრავალმხრივ ფორუმებში მონაწილეობასთან, მაგალითად როგორიც არის ეუთოს ფორუმი. ამ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მყოფებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა და ქვეყნები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირის სანქციებს, კარგი იქნება თუ გადაწყვეტენ დაუშვან რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავების ფრენა მათი ტერიტორიის თავზე. მაგალითად, თუ ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლება დაუშვებს ეუთოს ფარგლებში თვითმფრინავებს, ეს არ იქნება სანქციების დარღვევა. ლავროვის ჩართულობას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეუთო პირისპირ დაუპირისპირდეს კრემლის რეჟიმის უკანონო საქმიანობასა და ტყუილებს, რომლებსაც ის ავრცელებს,” – ამბობს პიტერ სტანო.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც იღებს, რის გამოც, სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სამიტს დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.