ომბუდსმენი „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას გაფიცულებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვას, რომელიც 12 ივლისიდან მიმდინარეობს.
ომბუდსმენის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. ამავე დროს, გაფიცულთა შორის არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთათვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის მიუხედავად, სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო სერვისებზე წვდომას. იმ შემთხვევაში, თუ „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეეზღუდებათ საყოველთაო პროგრამის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების საკითხი, მათი მომართვის საფუძველზე“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ვინაიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, სახალხო დამცველის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში მიიღებდნენ. ამან შესაძლოა, რისკის წინაშე დააყენოს გაფიცულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და, შესაბამისად, კიდევ უფრო გაზარდოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას, აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან; ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“. აღნიშნული პროფკავშირის ინფრომაციით, გაფიცვას აპირებს დასაქმებულთა ნახევარზე მეტი — 5000-მდე ადამიანი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია.
12 ივლისისა „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულებს, პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ