“განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური ბაზრების განვითარებას”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნათია თურნავამ საინვესტიციო ფონდების სექტორის გააქტიურების მიზნით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კერძო სექტორისა და ეროვნული ბანკის ძალისხმევით ქვეყანაში ლარის მიმართ ნდობა მზარდია, ახალი ფონდის გახსნა კი ეროვნული ვალუტის მიმართ აღნიშნული ნდობის დასტურია. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო ფონდების შესახებ მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისა და დახვეწის საქმეში ეროვნული ბანკის როლზე.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრის განვითარების ინიციატივებზე. ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით საფუძველს ჩავუყრით საქართველოში საინვესტიციო ფონდების სექტორის სამომავლო განვითარებას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
“ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი” ახალი ტიპის ფინანსურ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნესსექტორისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების სპექტრს კიდევ უფრო აფართოებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ამ ეტაპისთვის, ლიცენზირებულია აქტივების მმართველი მხოლოდ 3 კომპანია – “თიბისი ჯგუფში” შემავალი “თიბისი აქტივების მართვა”, “საქართველოს ბანკის” ჯგუფში შემავალი “ბი ოუ ჯი აქტივების მართვა” და “ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდის” მმართველი “ფორსაით ინვესტმენტ გრუპი”, რომელიც დამოუკიდებელი აქტივების მმართველი კომპანიაა. ამასთან, რეგისტრირებულია 14 საინვესტიციო ფონდი და ავტორიზებულია ერთი საინვესტიციო ფონდი. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში “საინვესტიციო ფონდების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში”, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობდა.
“ფორსაითის ლარის ფულადი ბაზრის ფონდი” საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია, რაც საცალო ინვესტორებისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი სიახლე და ახალი ინსტრუმენტია. ეს არის დანაზოგების განთავსების, ინვესტირების ახალი შესაძლებლობა ბაზრისთვის, რაც ეკონომიკაზეც აისახება. ეროვნული ბანკი ახორციელებს საინვესტიციო ფონდების მონიტორინგს და დღეს გახსნილი ფონდიც ასევე ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. აღნიშნულმა ადგილობრივ ბაზარზე ხელი შეუწყო ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების დამკვიდრებას.