ფარულად დაამონტაჟა მოწყობილობები | დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს უკანონოდ უსმენდა

ფარულად დაამონტაჟა მოწყობილობები | დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ ცოლს უკანონოდ უსმენდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყებას დაზარალებულმა ქალმა მიმართა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული.
დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.