24 ივლისის საღამოს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და არჩევნებიდან საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პირველი მიმართვა გააკეთა.
“მე ამ ოფისს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო მემსახურა თქვენს პრეზიდენტად.” – თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, დემოკრატია საფრთხის წინაშეა, ეს ღირებულება კი ნებისმიერ წოდებაზე უფრო მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ერთიანობის “წმინდა მოვალეობა”, არამხოლოდ მასზე, არამედ ხალხზეცაა დამოკუდებული.
ბაიდენის თქმით, ახლანდელი გადაწყვეტილებები ათწლეულების განსმაზღვრელი იქნება, წავა ამერიკა წინ თუ დარჩება უკან, აირჩევენ “იმედს, თუ სიძულვივს”.
“გადავწყვიტე, რომ წინსვლისთვის საუკეთესო გზა ჩირაღდნის ახალი თაობისთვის გადაცემაა. ეს არის საუკეთესო გზა ჩვენი ერის გასაერთიანებლად.” – თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით ახალი და ახალგაზრდა ხმების გაგონების დრო მოვიდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მძიმე გარემოებებზე, რომლებიც ქვეყანამ მისი პრეზიდენტობის დროს გამოიარა: კორონავირუსზე, ეკონომიკურ კრიზისზე, შიდა დაძაბულობასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე.
სიტყვით გამოსვლის დროს ბაიდენმა შეაქო ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც, სავარაუდოდ, დემოკრატიული პარტიის მომდევნო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
“მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება. ჩემი შეხედულებები ცნობილი გავხადე. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდებულ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს. ის გამოცდილია. ის მტკიცეა. ის უნარიანია. ის ჩემთვის შესანიშნავი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ლიედრი იყო. ახლა არჩევანი თქვენზეა, ამერიკელ ხალხზე: თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას.” – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, შესაძლებლობები არის ის, რაც ამერიკას გამორჩეულს ხდის.
“ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ჩემი ცხოვრების პრივილეგია იყო ამ ქვეყნისთვის 50 წელზე მეტ ხანს სამსახური. დედამიწაზე სხვაგან ვერსად შეძლებდა ბავშვი, რომელსაც ენა ებმოდა და მოკრძალებული წარმომავლობა ჰქონდა – სკრენტონში, პენსილვანიაში, კლეიმონტში, დელავერში – ერთ დღეს ოვალურ კაბინეტში გადაწყვეტილებათა მიღების მაგიდის უკან შეერთებული შტატების პრეზიდენტად აღმოჩენას. მაგრამ, აქ ვარ. ეს არის, რაც გამოარჩევს ამერიკას. ჩვენ ვართ პირობებისა და შესაძლებლობათა ქვეყანა, მეოცნებეთა და შემსრულებელთა ქვეყანა, არაჩვეულებრივი საქმეების გამკეთებელი ჩვეულებრივი ამერიკელების ქვეყანა.” – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა და უთხრა, რომ ძალაუფლება და ამერიკის იდეა მათ ხელშია.
“ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა თქვენს ხელშია. საჭიროა რწმენა შეინარჩუნოთ. შეინარჩუნეთ რწმენა და გახსოვდეთ ვინ ვართ. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები და არაფერია ჩვენს შესაძლებლობებს მიღმა და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. მოდით, ვიმოქმედოთ ერთად და დავიცვათ ჩვენი დემოკრატია.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დასასრულში.