ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023

რა ბედი ეწევა მელიას – “იმ გრავიტაციის ველისკენ უნდა წავიდეს, სადაც ფინანსებია”
საქართველოს დერეფანში შუა აზიის ქვეყნები სრული რესურსით ერთვებიან
მანანა ნიკოლაიშვილი – “სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ! განათლების სისტემა მინუსში გადავიდა”
* * *
რა ბედი ეწევა მელიას – “იმ გრავიტაციის ველისკენ უნდა წავიდეს, სადაც ფინანსებია”
ს გადადგომის მოთხოვნისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე, ენმ პოლიტსაბჭოს გაფართოებას აანონსებს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი უნდა გახდეს საბჭოს შემადგენლობა. მოქმედი მენეჯმენტი მასთან დაპირისპირებულ ჯგუფებს სთავაზობს, ხელი მოაწერონ სააკაშვილის მანიფესტს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ პარტიას ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ელექტორალური ძრავი არის და სწორედ ერთიანობის მანიფესტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი… ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ცხადია, ამას ჰყავს მოწინააღმდეგეები. პარტიას ჰყავს ლეგიტიმური თავმჯდომარე, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, არ წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას,“ – აცხადებს ლაშა ფარულავა, რომლის თქმით, “თუ ვინმეს უნდა სტატუსი, შეუძლია კანცელარიას მიმართოს, რომ გაარკვიოს, რა სტატუსი აქვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება, რა ბედი ეწევა მელიას – “იმ გრავიტაციის ველისკენ უნდა წავიდეს, სადაც ფინანსებია”.
“ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის წევრი დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” 2025 წლამდე არავითარი არ ჩატარდება. “პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ნიკა მელია აღარ არის პარტიის წევრი და ეს საკითხი ჩახურულია. 2025 წლამდე არავითარი არჩევნები არ ჩატარდება ნაციონალურ მოძრაობაში. პოლიტსაბჭო გაფართოვდება. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვენ ნახავთ, თუ ვინ შეუერთდება ამ პოლიტსაბჭოს, რამდენი ადამიანით გაფართოვდება პოლიტსაბჭო და ის განცხადება, თხოვნა, რომელიც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, შესრულდება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვიზიარებთ თავიდან ბოლომდე,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე მდგომარეობაა და პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა რა ქმედებაც ტელეკომპანია “ფორმულაზე” განახორციელა, ეს პირდაპირ დავით კეზერაშვილის დავალების გახმოვანება იყო. აჩვენა, რომ პარტია, რომელიც დეკლარილებულად პროევროპულად ითვლება, არადეკლარილებულად არის მისი სპონსორის, ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის ორგანიზაცია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სად გაგონილა პარტიის ლიდერი რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯით პარტიიდან მის ყოფილ თავმჯდომარეს რიცხავდეს?! იბადება შეკითხვა, სად არის აქ პარტული წესდება, სტრუქტურა, ორგანიზაცია. ეს არის ევოპული დამოკრატია? რისი ვითომ დამკვიდრებაც ნაციონალურ მოძრაობას სურს? ეს არის ფარსი და უპირველეს ყოვლისა ნაციონალური მოძრაობის შეურაცხყოფა. თუ სურთ მელიას გარიცხვა, ამას შესაბამისი პროცედურები აქვს. თუმცა სააკაშვილი – კეზერაშვილის პირობებში ენმ-ი კიდევ უფრო დაჭკნა და მისი პოლიტიკური ვარდები ყიველ დღიურად ჭკნება. რასაკვირველია, ეს სატელევიზიო პერფომანსი კიდევ უფრო გაამწვავებს ნაციონალებში სიტუაციას. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება არჩევნებამდე 11 თვით ადრე. იმის მაგივრად პარტია ემზადებოდეს, რომ გაძლიერებული შეხვდეს, ნამსხვრევებად იშლება, და ამას ხელს უწყობს ის ადამიანი, რომელსაც დავით კეზერაშვილი ეწოდება. მას არანაირი განათლება, პოლიტიკური ალღო არ გააჩნია. მისი ერთადერთი იარაღი ფინანსებია და ჰგონია, რომ საკუთარი პროპაგანდისტური ტელევიზიითა და ენჯეობით საწადელს მიაღწევს. ენმ ასეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო დაქუცმაცდება და ჩამოიშლება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“მისივე თქმით, საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით პარტია უკვე დაზიანებულია და კიდევ უფრო დაზიანდება. აბაშიძის აზრით, მელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ალბათ ამას უახლოვესი მომავალი გვაჩვენებს – დამოუკიდებელ პარტიულ სტრუქტურას შექმნის თუ “ლელოს” და გახარიას პარტიას “შეეტენება”. “ახალი პარტიის შექმნას უდიდესი ფინანსური რესურსები ესაჭიროება, რაც დიდი ალბათობით ნიკა მელიას და მის გარემოცვას არ გააჩნია. შესაბამისად, იმ გრავიტაციის ველისკენ უნდა წავიდნენ, სადაც არის ფინანსები. ასეთები კი, რასაკვირველია, ხაზარაძე-ჯაფარიძის კლანია. ვიცით, რომ პარტიული ბლოკები დაუშვებელია და მხოლოდ პარტიები ასპარეზობენ. თუმცა ნაციონალურ მოძრაობას რომ ამომრჩეველი მოაკლდება, ფაქტია. პარტიაში პრაგმატულმა პოლიტიკოსებმა უნდა გაათვიცნობიერონ, რომ კეზერაშვილი-სააკაშვილის პარტიას მომავალი არა აქვს”, – ამბობს აბაშიძე, რომლის თქმით, “ამიტომ თვითონ ინდივიდუალურად საკუთარი თავის უფრო წარმოჩენაზე იბრძოლონ და არა სააკაშვილის მესიჯების თუთიყუშებივით გამეორებაზე”, – დასძენს გამოცემა.
საქართველოს დერეფანში შუა აზიის ქვეყნები სრული რესურსით ერთვებიან
ტრანსკასპიურ დერეფანში ჩაერთო, რაც გადაზიდვების მაჩვენებლებზე დადებით გავლენას მოახდენს. ბოლო პერიოდში საქართველოსა და შუა აზიურ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირები ისედაც საკმაოდ გააქტიურებულია და ამას მოწმობს ავტომობილების რეექსპორტში გაზრდილი მაჩვენებელი, რითაც ყირგიზეთი უკვე ყაზახეთსაც კი უსწრებს. ამ ეტაპზე ზოგადად შუა აზიურ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას შესაძლოა, გარკვეული გამოწვევა დაუდგეს პოლიტიკურ ასპექტში, ვინაიდან შემდეგი ორი წელი საქართველოში არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები საქართველოსთვის ყოველთვის შიდაპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება, სპეციალისტები ამ ფაქტორს მაინც გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ შუა დერეფანში საქართველოს როლის გააქტიურებას წინ ვერაფერი აღუდგება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოს დერეფანში შუა აზიის ქვეყნები სრული რესურსით ერთვებიან / ჩნდება შესაძლებლობა ტვირთნაკადი, დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით, 150%-ით გაიზარდოს
“რაც შეეხება რეალურ მოცემულობას, ცნობილია, რომ ყირგიზეთი ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს სათავისოდ და ასევე ჩინეთიდან ევროპაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში საქონლის საავტომობილო-სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებს. ქვეყნის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის განაცხადებით, სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის გაზრდა და ამისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა აუცილებელია, რაც, მათ შორის, სამართლებრივი რეჟიმების ჰარმონიზაციის გზით უნდა მოხდეს. ყირგიზეთი კვლავ აქტიურად განიხილავს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის საკითხსაც. ეს, პრეზიდენტის შეფასებით, ერთ ან მეტ სატრანზიტო მარშრუტზე დამოკიდებულებას შეამცირებს, ასევე, უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობის პირობებს შექმნის და როგორც საქონლის, ისე მგზავრების ტრანსპორტირებისთვის რისკებს შეამცირებს. სპეციალისტები ფიქრობენ, 2024 წლის არჩევნები გადაზიდვებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს და ტრანსკასპიურ დერეფანში ახალი პროექტების განხორციელებას ვერ დაამუხრუჭებს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, საქართველო გლობალურ გადაზიდევებში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა, რაც მასშტაბურმა ცვლილებებმა გამოიწვია და ამ მოცემულობას ჯერჯერობით ვერაფერი გააქარწყლებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გრძელვადიან პერიოდში შუა დერეფანში საქართველოს აქტიურ და წამყვან როლს ვერაფერი შეაფერხებს. ბოლო დროის გეოპოლიტიკური პროცესების გამო ჩვენ მოვიპოვეთ ფარდობითი უპირატესობა. ყირგიზეთი იქნება, ყაზახეთი თუ სხვა, მათთვის საქართველო საუკეთესო ალტერნატივაა, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოთა სავაჭრო ბრუნვაზე დადებითი გავლენა მოახდინოს, მოიზიდოს და გაატაროს ტვირთები სწორედ ჩვენი დერეფნის გავლით. ეს დიდი უპირატესობაა საქართველოსთვის, მაგრამ თუკი რაიმე ზომებს არ მივმართავთ, შეიძლება გარკვეული რისკიც გაჩნდეს. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენ, სამწუხაროდ, გაცილებით უკეთ უნდა ვიყოთ მომზადებული, ვიდრე დღეს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. ახლა ჩვენ მშენებლობის დაჩქარების ეტაპზე უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ შუა დერეფანში დიდი უპირატესობა გაგვაჩნია და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ გერლიანი.
“ყირგიზეთი ტრანსკასპიურ დერეფანში ჩართვას “რეზონანსის” მეშვეობით გამოეხმაურნენ გადამზიდავებიც, რომლებმაც საქართველოს გაძლიერებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება და დასძინეს, რომ ახლა მთავარია, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, რაც სწორედ ინფრასტრუქტურის გამართვით უნდა გაეცეს პასუხი და მზად იყოს ქვეყანა. IBEX LOGISTICS-ის დირექტორის ლევან თათარაშვილის თქმით, რაც მეტად დაიტვირთება დერეფანი, მით მეტი დაცვა ექნება ქვეყანას გარე საფრთხეებისგან და ამ პროცესს უკვე ვერაფერი გააჩერებს. მისივე თქმით, დღეს, როცა საქართველოში შუა დერეფნის განვითარებაზე მიდის საუბარი და ქვეყნები უფრო და უფრო გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ პროცესში. ეს იძლევა საშუალებას, ტვირთნაკადი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, მინიმუმ, 150%-ით გაიზარდოს”, – განაგრძობს გამოცემა.
“კარგია, რომ ყირგიზეთიც ჩაერთო ტრანსკასპიურ დერეფანში, ეს მოსალოდნელიც იყო. ველოდები, რომ შუა აზიის ქვეყნების მხრიდან ინტერესი სამომავლოდ კიდევ გააქტიურდება. შუა დერეფნის როლი ახლა იმდენად გაძლიერებულია, რომ ამ პროცესზე ნეგატიური გავლენა გამორიცხულია. ყველა მიმართულებით აშკარაა ზრდა: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვაში. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ამაზე დიდ გავლენას ახდენს. გეოგრაფიულმა მდგომარეობამ განაპირობა ჩვენი როლის გაძლიერება. ასევე სავაჭრო ურთიერთობებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან, კერძოდ, შუაა აზიის სახელმწიფოებმა აქტიურად დაიწყეს ვაჭრობა ევროპასთან, დიდწილად სანქცირებულია, ვერ გადის ტვირთები და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გააქტიურდა. ლოგისტიკა გადალაგდა და საქართველოს წარმატებით ჩაერთო პროცესში. ანაკლიის პორტის პროექტი თუ განხორციელდება, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება…”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან თათარაშვილი.
მანანა ნიკოლაიშვილი – “სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ! განათლების სისტემა მინუსში გადავიდა”
“ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია”, – აცხადებს განათლების დარგის ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ბავშვები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, რისი მიზეზიც არის დროში გაწელილი პროგრამა და ის, რომ სკოლებში კლასიდან კლასში გადასაყვანი და საატესტატო გამოცდები გაუქმებულია. მისი თქმით, სასკოლო განათლების სისტემა პოლიტიკურ გათვლებს ეწირება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიცია რეალური პრობლემების წარმოჩინების ნაცვლად აქცენტს არაპერსპექტიულ საკითხებზე აკეთებს. 28 ნოემბერს განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს პარლამენტში დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, საკვანძო საკითხები კი იყო მასწავლებლების ხელფასები, სკოლებში ახალგაზრდა კადრების დასაქმება, მოსწავლეების კვება და უფიქრია თუ არა განათლების სამინისტროს, რომ 11-წლიანი გახადოს სწვალება. ამის საპასუხოდ კი გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სისტემის შეცვლა არ იგეგმება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! მთელი თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ. რა სკოლაში კვება! რა დროს ამაზე დავაა” – მანანა ნიკოლაიშვილის აზრით, განათლების სისტემა მინუსში გადავიდა.
“11 კლასზე საუბარიც არ ღირს. ის, რომ მე-12 კლასში დაბალი დასწრებაა, არ ნიშნავს სასკოლო პროგრამა 11-წლიან სასწავლო წელს დაუბრუნდეს. რაც შეეხება მე-12 კლასს და რეპეტიტორებს, – ვიცი ეს პრობლემა. სხვათა შორის რეპეტიტორობის ინსტიტუტი ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს, უბრალოდ ჩვენთან მან სამწუხაროდ ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. ითქვა, რომ თუ ადამიანი რეპეტიტორთან არ მოემზადა, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს – შესაძლოა ასეა, მაგრამ შესაძლოა რიგ შემთხვევაში ასე არც არის. ცალსახად ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები მაგრამ ერთი ფაქტია – ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა მანდ არის – რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება! თუ გნებავთ რეალურ განათლების პრობლემის დისკუსიის თემაში შევიდეთ, ამ ჭრილში უნდა გადავიტანოთ დისკუსია. რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე – ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში – ამ მიდგომით მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ბავშვებს დავუბრუნებთ საშუალო საფეხურის, ანუ მე-9 მე-12 კლასს ვგულისხმობ, დანიშნულებას”, – განაცხადა მინისტრმა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სკოლებში 12-წლიანი სწავლების წინაღმდეგია განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი, იგი აცხადებს, რომ გარდა ამ პრობლემისა, სასკოლო განათლების სისტემაში ზოგადად კრიზისია, დამამთავრებელ კლასებში მოზარდები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, გამოცდების დაბრუნება კი პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს. “12-წლიან სწავლებას საერთოდ არ ვემხრობი. ზოგადად სასკოლო განათლების სისტემაში საშინელი სიტუაციაა, ჩიხის ჩიხია, სახელმწიფო ბავშვებს სკოლაში ვერანაირ ცოდნას ვერ აძლევს, ეს მთავრობა ამის დალაგებას არ ფიქრობს. ბავშვები სკოლაში მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში საერთოდ არ დადიან, მთავრობამ ეს არ იცის? ზომებს რატომ არ იღებენ – დროში რატომ ჭიმავენ, გამოცდებს რატომ არ ნიშნავენ? შეიძლება ადამიანი სკოლას ამთავრებდეს და გამოცდას არ აბარებდეს? დროზე დანიშნონ გამოცდები! მშობლებს აღარ შეუძლიათ ბავშვების ამდენი გაცდენები. სააკაშვილის საგანმანათლებლო პოლიტიკას სულ ვაკრიტიკებდი და ძალიან ძნელი სათქმელია ეს, მაგრამ სააკაშვილმა ბავშვები სკოლაში ძლივს მოიყვანა და ამათმა დაფანტეს”, – ამბობს ნიკოლაიშვილი, რომლის მტკიცებით “ათი წელია ეს ქაოსია და ბავშვებმა არაფერი არ იციან. არანაირ რეფორმებს არ ატარებენ, სკოლებს არანაირ ავტონომიას არ ანიჭებენ”, – განაგრძობს გამოცემა.
„რა ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა?! – მთავარი ის უვარგისი სტანდარტების პროგრამების სახელმძღვანელოები ადგილზეა და, რაც მთავარია, საათობრივი ბადეები ადგილზეა. სინამდვილეში ღრმა რეფორმებია საჭირო და არაფერი არ კეთდება. სასწრაფოდ დანიშნონ კლასიდან კლასში გადასაყვანი და კატ-ის გამოცდები, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ და წიგნს ხელი მოჰკიდონ. ეს მავნებლური პოლიტიკაა. ბავშვი სკოლას რაც უფრო სწრაფად დაამთავრებს და დროში გაწელილი არ იქნება, მით უფრო კარგია, მაგრამ დრო რაც არ უნდა შემცირდეს, თუ გამოცდები არ იქნება, ეს ბავშვები სკოლაში მაინც არ ივლიან, თუნდაც ცხრა კლასამდე დაიყვანონ. გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს. რა უშლის ხელს ამილახვარს და ამ მთავრობას რომ გამოცდებს არ ნიშნავენ? იცით, რატომ არ ნიშნავენ? იმიტომ, რომ არჩევნებია. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხალხი, რომელიც რვა გამოცდისგან იყო შეწუხებული, შეხვედრებს სთხოვდა და მოხსნეს. მოხსნეს და ყველაფერი დაფანტეს. საგანმანათლებლო სისტემა საერთოდ ჩაშლილია. ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია. “ნაციონალებს” ვუკიჟინებდით, რომ გაანულეთ განათლების სისტემაო და ამათმა საერთოდ მინუსებში გადაიყვანეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ნიკოლაიშვილი.
“ან ის როგორ შეიძლება, დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები რომ ჰყავთ, ხალხს სახელმწიფომ სკოლის დირექტორის სერთიფიკატები მისცა და არ გაუშვეს, აქ ხომ უკვე საქმეში პოლიტიკა ერევა, მაშინ სერთიფიკატებს რატომ აძლევენ? სრული ქაოსი, განუკითხაობა და კორუფციაა. საინტერესოა, იმ მასწავლებლის სახლს რატომ არ უშვებენ ლიკვიდაციაში, მას სულ სხვა ფუნქციები უნდა ჰქონდეს და არანაირი მასწავლებლის სახლი არ უნდა ერქვას – დახელოვნების ინსტიტუტი უნდა იყოს. მასწავლებლების პროფესიული განვითარება უნივერსიტეტებმა უნდა აიღოს თავზე. ეროვნული გამოცდები სადამდე დაეშვა, მინიმალური ქულა დაბალია და ქართულის გამოცდაზე ბავშვები ქართულად ვერ წერენ, თუნდაც მათემატიკაზე გამრავლების ტაბულა არ იციან. ეს მავნებლობა, სამშობლოს ღალატი და სახელწიფო ინტერესების ფექვეშ გათელვაა, პოლიტიკას უნდა გადაჰყვეს ყველაფერი?” – მიიჩნევს ნიკოლაიშვილი.
“ახლა გამოცდებს არ დანიშნავენ, არც შარშან დანიშნეს, კარგა ხანია საარჩევნო რეჟიმში არიან. ოპოზიცია მარტო იმას ამბობს – “გადადექით”, “ვადამდელი არჩევნები”, და ამას მომავალი თაობების ცოდნა, განათლების ხარისხი და ყველაფერი ეწირება. ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს, იმ პარლამენტში მთქმელი არავინაა, ან ის ოპოზიცია რას აკეთებს, რატომ არ ეტყვის გამოცდებს რატომ არ ნიშნავენ, რაზე ედავებიან, ბავშვების კვებაზე? რა კვება! უმეტესობას საჭმელი არ უჭირს, ვინც სოციალურად დაუცველია, იმ ბავშვებს ტალონები გამოუყონ და აჭამონ. როგორ შეიძლება 650 ათას მოსწავლეს საქართველოსნაირმა ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტმა წელიწადში ათი თვე ყოველ დღე აჭამოს – ჩვენ ან გერმანია ხომ არ ვართ?! ერთი ფინეთშია, სადაც აჭმევენ და იქაც ბიუჯეტის 70% განათლებისკენაა მიმართული. ეს ე.წ. ოპოზიცია იმაზე კი არ დაობს, რომ განათლების ხარისხი ასწიონ, არა! რაღაც სისულელეზე ლაპარაკობს. იცით, რატომ აწვებიან ბავშვთა კვებას? იმიტომ, რომ ეს შეუსრულებადი საკითხია. “ნაცები” თავად რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ბავშვთა კვება უფასო რატომ არ გახადეს, მაშინ ბავშვებს არ შიოდათ? არავის არ შია, სოციალურად დაუცველი ვინცაა, იმ ბავშვებსაც ეძლევათ თანხა”, – დაასკვნის მანანა ნიკოლაიშვილი.
“როგორც განათლების სამინისტრო აღნიშნავს, ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტია. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ. საქართველოს განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს დაშვებისათვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლას. აქვე რამდენიმე მაგალითია მოყვანილი – გერმანიის, ირლანდიის, პორტუგალიის, სადაც სასკოლო სისტემა არის სავალდებულო 18 წლის ასაკის ჩათვლით. 2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე. განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეგმის თანახმად, 2020 წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებისთვის მოიხსნა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე. 2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდებოდა”, – წერს სტატიის ავტორი.