ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რეალთან“ 2:4 დამარცხდა.
ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა, როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
შესვენების მერე მწვრთნელმა მაცარიმ სიმეონე ოსიმენით შეცვალა, ხოლო ანგისამ თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში ნეაპოლელებს შანსი მიეცათ – ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევისას პასი კარის წინ ნიგერიელს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ვალვერდემ ჩაუჭრა. თამაში კიდევ უფრო სანახობრივი გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, შანსი „კვარამ“ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულმა ხოსელუმაც. ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა, „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. თუმცა, მალე მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ, მეკარე მერეტმა გატანა რიუდიგერს და ბელინგემს არ დაანება, 19 წლის პასის შორიდან გასროლილს კი ვერ გაუმკლავდა, კომპენსირებულ დროში ხოსელუმაც დაამწუხრა და “ნაპოლიმ” მარცხი განიცადა.
პარალელური შეხვედრა “ბრაგასა” და “უნიონს” შორის 1:1 დასრულდ. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს.
რეალი – ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)
ამ თამაშმაც აჩვენა რომ რეალი თამაშის მაღალი ხარისხის ეტალონია ყველა ასპექტით, შემადგენლობით, მწვრთნელით და ასე შემდეგ, ასე რომ ხვიჩასთვის ეს გაზრდის კარგი შესაძლებლობა იყო, და შესაძლებლობებს რომ კარგად იყენებს ეს უკვე გვაჩვენა.