ვახტანგ ხმალაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ შერჩეული და წარდგენილი კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.
მომხდარზე რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს. მან სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად“ შეაფასა.
თქვენი აზრით, სამართლებრივად რას შეიძლება ნიშნავდეს თბილისის სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება?
– ჩემი აზრით, სასამართლოს დასაშვებად არ უნდა ეცნო ეს სარჩელი. ანუ ეს სარჩელი განსახილველად არც უნდა მიეღო.
ასეა, რადგან პრეზიდენტის ეს კონკრეტული უფლებამოსილება განსაზღვრულია კონსტიტუციით, როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. დამატებით, კანონი არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს პრეზიდენტს ამ საკითხში გარდა ერთისა – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშნული პირი.
ეს გახლავთ უმაღლესი იურიდიული განათლება, მუშაობის გარკვეული გამოცდილება და კიდევ რამდენიმე პირობა. პრეზიდენტს უფლება აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს ნებისმიერი პირი, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებს. კანონი პრეზიდენტს იმასაც კი არ ავალდებულებს, რომ კონკურსი ჩაატაროს.
მაგრამ, იმისათვის რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად ობიექტურად შეერჩია ამ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, მან გადაწყვიტა და მას ამის სრული უფლება ჰქონდა, გაემართა ღია კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე შეერჩია კანდიდატი. პრეზიდენტს შეეძლო ეს კონკურსი გაემართა, შეეძლო არ გაემართა, ეს მისი უფლებაა, რადგან კონსტიტუცია ამბობს – პრეზიდენტი ნიშნავს ამ პირს და არანაირი სხვა პირობა არ დაადო თუ როგორ შეარჩევს იგი მას. – სიმაღლის მიხედვით, წონის მიხედვით, თვალების ფერის მიხედვით, ეს უკვე პრეზიდენტის უფლებაა.
შესაბამისად, კონკურსის რომელიმე მონაწილის მიერ პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა. ვთქვათ, პრეზიდენტმა კანდიდატურა არაობიექტურად შეარჩია. მაგალითად, არ ვიცი რა წერია სარჩელში, მაგრამ, თუნდაც, ასე ყოფილიყო, მერე რა?
პრეზიდენტს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. ვთქვათ, კონკურსის პირობების შესაბამისად კონკურსანტებს ტესტებზე გაეცათ პასუხი და შემდეგ კონკურსში მონაწილეს გაესაჩივრებინა შედეგი იმ მოტივით რომ მას მეტი ქულა ჰქონდა მიღებული ვიდრე სხვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რის უფლებაც მას არ ჰქონდა.
– ბრძანებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიეღო. მაგრამ, ფაქტია, რომ მიიღო.
თქვენი აზრით, განსახილველად არ მისაღები სარჩელის სასამართლოს მიერ მიღება სამართლებრივად რას შეიძლება ნიშნავდეს? ამის მიღმა რა უნდა დავინახოთ? ან რა ჩანს?
– ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა სასამართლო ხელისუფლების ერთი კონკრეტული წარმომადგენელი კონსტიტუციის დადგენილი რეჟიმის ფარგლებიდან გავიდა.
რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს შეუძლია გაასაჩივროს და თუ სააპელაციო სასამართლოც ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ სასამართლო ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებიდან. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მოსამართლეა გასული კონსტიტუციური სივრციდან, მაგრამ, მომხდარზეც არა ერთი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება.
თავად ის პირი, ვინც პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი მისი კონკურსში მონაწილეობა, რომელსაც პრეზიდენტი არ შეარჩევდა, მაგრამ, შემდგომ იგი გაასაჩივრებდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ, სწორედ ასე იყო საქმე. შემდგომ სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა და იმ გადაწყვეტილებასაც მიიღებდა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო.
ეს გაკეთდა იმის გამო, რომ არანაირად არ დაეშვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კახა წიქარიშვილის მსგავსი პირის აღმოჩენა.
– ამ საკითხზე მოვისმინეთ კომენტარები ხელისუფლების მხრიდან. მათი გათვალისწინებით შეიძლება იმის თქმა, რომ პრეზიდენტის განკარგულების სასამართლოს მიერ განკარგულების გაუქმება არის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულების გამოვლინება?
– ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური ხელისუფლების გარეშე არ მოხდებოდა. მარტო მოსამართლე ასეთი რამის გაკეთებას ვფიქრობ ვერ გაბედავდა.
– „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეიტანეს.
მანამდე, ამავე საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტმა.
1 აგვისტოდან კანონი ამოქმედდება და სექტემბრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ „უცხოური გავლენის აგენტებად“.
ფაქტია, რომ ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ ფონზე, როცა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ამოქმედებული იქნება.
ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?
– არც თუ სასიამოვნო მოლოდინი. თუ გავითვალისწინებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, და კიდევ ზოგიერთ გადაწყვეტილებებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დეპუტატებისა და პრეზიდენტის ეს სარჩელები დააკმაყოფილოს.
თუმცა, არის ერთი გამოსავალი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ გააჭიანურა გამწესრიგებელი სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება, ან თუ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა კანონის ზოგიერთი მუხლის შეჩერების თაობაზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ასეთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ექნება მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომ სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე, შეჩერდეს ამ მუხლების მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ სუბიექტებს, ვისზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, მიადგებათ შეუქცევადი ზიანი. ამის შანსი არსებობს.
– ასე რომ მოხდეს, ამის ალბათობა რამდენად დიდია?
– ვფიქრობ, საკმარისად მაღალია იმის ალბათობა, რომ არასამთავრობოების მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილოს.
– მანამდეც, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, მმართველი ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლებმა პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის სასარგებლოდ დაიწყეს განცხადებების კეთება.
თქვენთან დაკავშირებამდე საპრეზიდენტო არჩევნებზე თვალი მოვკარი დიდი ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის განცხადებას – „ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს“. ცხადია, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით ეს განცხადება სწორი და მართებული განცხადებაა.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი ტრამპის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ?
– ჯერ უნდა ვთქვა ის, რომ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები პოლიტიკურად ყოვლად გაუმართლებელია.
ჩვენ უნდა ვეცადოთ გვქონდეს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აშშ-სთან, როგორც სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ვის ექნება წარმომადგენლობით ორგანოებში – სენატსა და თუ კონგრესში უმრავლესობა, „რესპუბლიკელებს“ თუ „დემოკრატებს“ .
ამგვარი განცხადებების გაკეთება ყოვლად გაუმართლებელია, მაგრამ, რა ვუყოთ, ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური უკულტურობა. აგერ დეპუტატმა ზარქუამ შოლცსა და მაკრონზე ისეთი განცხადებები გააკეთა, არც კი ვიცი რა ვიფიქრო.
არა მგონია რომ ხელისუფლებაში ამდენადაც უვიცები და უცოდინრები იყვნენ. მაშინ, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები? ჩემი აზრით, იმიტომ რომ აშშ-ს დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელმა, ანუ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ , ასევე საკანონმდებლო ორგანოებში, სენატორებმა, კონგრესმენებმა, არა ერთი განცხადება გააკეთეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
ისინი ჩვენი ხელისუფლების მიმართ რომ საკმაოზე მეტად კრიტიკულები არიან, ფაქტია. აშშ-ს საქართველოსთან დაწყებული აქვს ურთიერთობების პროცესის გადახედვა. მათ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა შეაჩერეს განუსაზღვრელი ვადით და კიდევ ბევრი სხვა რამ.
„ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს შიდა მოხმარებისთვის ქართველ ამომრჩეველს უთხრას – ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში პრობლემა „ქართულ ოცნებაში“ კი არ არის, არამედ პრობლემაა აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლება. ბაიდენი და „დემოკრატები“ არიან პრობლემა და ისინი რომ აღარ იქნებიან, პრეზიდენტი იქნება ტრამპი საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.
ეს რომ სიცრუეა, ამაზე მეტყველებს ის, რომ ყველა ის შეფასება, რომელიც ჩვენს მიმართ აშშ-ს ხელისუფლებაში კეთდებოდა, ერთად მონაწილეობდნენ „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“. ის კანონპროექტები, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ახლა განიხილება, ასევე ორპარტიულადაა მხარდაჭერილი და წარდგენილი.
„ქართული ოცნება“ ცდილობს ქართველ ამომრჩეველზე მოახდინოს ზეგავლენა და დაარწმუნოს ისინი, რომ აშშ-სთან ურთიერთობის პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაში კი არა, არამედ თავად ამერიკელ „დემოკრატებსა“ და პრეზიდენტშია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის