მიხარია, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ ყური დაუგდო საზოგადოებრივ აზრს, რაც მთავარია, ყური დაუგდო მიხეილ სააკშვილს და იმ მანიფესტის დედააზრს, შინაარსს, რომელიც არის ერთობის მანიფესტი და არა ვიღაცისგან დისტანცირების.
პარტიის თავმჯდომარე ორი დღის წინ გავაკრიტიკე. როცა არასწორს ამბობს, გავაკრიტიკებ, როცა სწორს ამბობს – მივესალმები. ჩემი აზრით, ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, თქვა, რომ როგორც არის მანიფესტში, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაში, ყველა ადამიანისთვის კარგია, ვინც ამ მანიფესტს უერთდება.
ამ მანიფესტში კი არაფერი წერია მიუღებელი, პირიქით, აღიარებაა იმ პრობლემის, რომ თავის დროზე გარკვეული ნაწილი ჩვენი მეგობრებისა არ მოხვდნენ პოლიტსაბჭოში. ამ პრობლემის აღიარებაა, რასაც ჩვენი მეგობრები ითხოვდნენ.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა მთელი ამ დისკუსიების შედეგად. მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება ითქვას, აიღო ხელში პარტიის მართვის პროცესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია მის მდგომარეობაში, როგორც ფიზიკურში, ტყვეობაში ყოფნის გამო და დაგვანახა პარტიის განვითარების კუთხით სხვადასხვა მოსაზრების ადამიანებს, რა გზა არის ყველაზე სწორი, რაციონალური. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისად შეფასებული და დაფასებული თითოეული ჩვენგანის მიერ.
დღეს ლევან ხაბეიშვილმა სწორედ ამის დემონსტრირება გააკეთა, კიდევ ერთხელ აჩვენა გადადგმული ნაბიჯი პრობლემის გამოსასწორებლად, რაც არის მანიფესტში. შესაბამისად, ღია არის გზა მეგობრებისთვის, ვისაც სამართლიანი გულისწყრომა ჰქონდათ პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ახლა ეს პრობლემა მოიხსნება, თუ მოვხსნით ყველანაირ ემოციურ ფონს.
მე ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს, რაციონალურად მივუდგეთ ამ საკითხს და ერთმანეთში დავა-კინკლაობა კი არ გავაგრძელოთ, მივყვეთ იმ გზას, რასაც გვირჩევს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დარი ავტორიტეტიც ამ პარტიაში არ არის.
ჩვენ შეიძლება, 100 წელი ვიდავოთ და ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ყველგან, სადაც წარმატება უწერია საქმეს, ჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც სხვადასხვა აზრს შეაჯერებს. მადლობა ღმერთს, ასეთი ადამიანი და ავტორიტეტი გვყავს ნაციონალურ მოძრაობას. თან ისეთი, ამაზე დისკუსიაც კი რომ არ არის პარტიაში.
მან თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა, მანიფესტი გამოსცა, თავისი პოსტიც მიაყოლა იმ პუნქტის გასაშლელად, რომ ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში და აღმასრულებელ სტრუქტურებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ენმ-ის პოლიტიკური მდივანი გია ბარამიძე პარტიის გადაწყვეტილებაზე, რომ პოლიტსაბჭო გაფართოვდეს.
20 ნოემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს თქვა, რომ პარტიამ პოლისტაბჭოდან არაერთი ადამიანის გაშვება იჩქარა.