საქართველოში, წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინელი ტურისტების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე თქმით, გაიზარდა ჩინეთში ჩასული ქართველი ტურისტების რაოდენობაც.
“მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 33 000-მდე ჩინელი ტურისტი ჩამოვიდა. უვიზო რეჟიმი ხალხებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. სამომავლოდ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებს გააძლიერონ კავშირები, წარადგინონ ორი ქვეყნის ტურისტებისთვის მოსაწონი ტურისტული პროდუქტი და მარშრუტი და უფრო მნიშვნელოვანი გახადონ გამოცდილება”, – აცხადებს ჭოუ ციენი.
გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ გასული წლის ივლისში ჩინეთსა და საქართველოს შორის დამყარებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ორ მხარეს შორის ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს დონეზე აიყვანა და ახალი ბიძგი მისცა სავაჭრო,ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას.
“ორი ქვეყნის მიერ სარტყლისა და გზის ინიციატივის ერთობლივი მშენებლობა მუდმივად წინ მიიწევს. ვაჭრობის მხრივ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვრიდან-მაისამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ზე მეტით გაიზარდა. ჩინეთი დაბრუნდა როგორც საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი. ინვესტიციებს რაც შეეხება ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ურბანულ ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის საწარმოებს თანამშრომლობის გაძლიერებაში, აქტიურად გავუწევთ ორგანიზებას, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორებიცაა ევრაზიის ექსპო, საერთაშორისო იმპორტის ექსპო, იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა და სხვ., ხელს შევუწყობთ ორ მხარეს ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების აღმოჩენაში, ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის გამდიდრებასა და ხალხის უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის დაკმაყოფილებაში”, – აცხადებს ჭოუ ციენი.